ხელახლა აღმოაჩინეს ყავის ველური, იშვიათი სახეობა, რომელმაც შეიძლება, ყავა გადაშენებისგან გადაარჩინოს — #1tvმეცნიერება
ხელახლა აღმოაჩინეს ყავის ველური, იშვიათი სახეობა, რომელმაც შეიძლება, ყავა გადაშენებისგან გადაარჩინოს — #1tvმეცნიერება

მაშინ, როდესაც კლიმატის კრიზისი მთელ მსოფლიოში ტემპერატურასა და ნალექების მახასიათებლებში ქაოსს იწვევს, ერთ-ერთი მარცვლეული, რომელსაც ეს პროცესი დიდ საფრთხეს უქმნის, არის კაცობრიობის ძვირფასი ყავა. ახლახან, მეცნიერებმა გამოავლინეს ყავის მცენარე, რომელიც შეიძლება უფრო გამძლე იყოს სეზონების ცვალებადობის სიმკაცრისადმი.

ეს მცენარე გახლავთ ყავა სტენოფილია, იგივე Coffea stenophylla — ველური და შედარებით იშვიათი სახეობა, რომელიც ზემო დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. ყავის მცენარის უფრო გავრცელებული სახეობებისგან განსხვავებით, ის უკეთ ეგუება კლიმატის ცვლას.

გარდა ამისა, აქვს იგივე არომატი, რაც არაბიკას სახეობისგან (C. arabica) დამზადებულ მაღალი ხარისხის ყავა არაბიკას. არაბიკა ამჟამად ბაზრის დომინანტია და მასზე მოდის ყავის 75 პროცენტი. კლიმატის ცვლილება სწორედ ამ სახეობას უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, რადგან მცენარეს ზრდისთვის ძალიან სპეციფიკური გარემო პირობები სჭირდება.

„ეს სახეობა არსებითად აფართოებს კლიმატის ნაირსახეობებს მაღალი ხარისხის ყავის წარმოებისთვის და შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი ყავის მცენარის შექმნისთვის“, — წერენ მკვლევრები.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, სტენოფილია სიერა-ლეონეს უღრან ტყეებში ხელახლა აღმოაჩინეს

სინამდვილეში, მცენარე სტენოფილია უცხო არ არის და ერთგვარ დიდ დაბრუნებას აღნიშნავს: მიიჩნეოდა, რომ ის ყველგან გაქრა კოტ-დ’ივუარის გარდა; მონაცემები რამდენიმე ათწლეულის წინანდელი იყო და ისიც საკმაოდ მწირი. თუმცა, სახეობა ცოტა ხნის წინ ხელახლა აღმოაჩინეს სიერა-ლეონეში.

მეცნიერებმა C. stenophylla გატესტეს გემოზე და მოდელებიც შექმნეს იმის შესაფასებლად, რა სახის გარემო პირობებია მისი ზრდისთვის ხელსაყრელი. აღმოჩნდა, რომ უძლებს 24,9 °C-მდე ტემპერატურას, ანუ უფრო მაღალს, ვიდრე C. arabica და C. canephora (ვიცნობთ რობუსტას სახელით) სახეობები.

წინა კვლევები მიუთითებს, რომ მცენარე სტენოფილიას შეუძლია გადაურჩეს გვალვიან პერიოდებს და ნაწილობრივ რეზისტენტულია სოკოვანი დაავადება ყავის ფოთლის ჟანგასადმი (Hemileia vastatrix); შესაბამისად, აქვს ბევრი ისეთი ღირსება, რომელიც მას ყავის წარმოების შესაძლო ვარიანტად აქცევს გამომწვევ გარემო პირობებში, თუკი შესაბამისი რაოდენობით გაზრდას მოვახერხებთ.

„სტენოფილია ყავის მცენარის მთავარ გლობალურ სახეობად ცუდი მოსავლიანობის გამო ვერ იქცა. კიდევ ერთი ძირითადი ფაქტორია კონკურენცია სახეობა რობუსტასთან, რომლის ადრეულმა პროგრესმაც მისი გლობალურ სახეობად გადაქცევა და სტენოფილიას მოშენების შემცირება განაპირობა“, — წერენ მკვლევრები.

Coffea stenophylla

მკვლევართა ცნობით, შარშან ჩატარებულ ბრმა ტესტებში, სტენოფილიას ყავამ ყავის დაგემოვნების ექსპერტებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. გარდა ამისა, შეჯვარებამ ამ მცენარეს შეიძლება კლიმატისადმი გამძლეობის სხვა თვისებებიც შესძინოს.

ყავის უფრო ამტან სახეობაზე გადართვა ერთ-ერთი არჩევანია, რომელსაც ინდუსტრია განიხილავს; ასევე განიხილება ყავის მარცვლის წარმოების ადგილების შეცვლა და წარმოების სხვადასხვა ასპექტებთან მორგება. თუმცა, ყველაზე საუკეთესო გზა იქნება ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის მოგვარება — კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი ეფექტების შეკავება.

სტენოფილიის, როგორც მაღალი ხარისხის სამომავლო ყავის სიცოცხლისუნრიანობის შესაფასებლად, ამჟამად ნერგების აქტიურ რგვა მიმდინარეობს; თუმცა, შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს იმას, რომ მას ექსპერტებისა და მკვლევრების გარდა ვინმემ მოკიდოს ხელი.

„არ ველოდებით, რომ ყავის მაღაზიებში მას უახლოეს წლებში ვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, 5-7 წელიწადში ვიხილავთ ბაზარზე მის შემოსვლას ყავის ნიშის სახით, როგორც მაღალი ხარისხის ყავას. ვფიქრობ, ამის შემდეგ ის უფრო მეტად გავრცელდება“, — ამბობს ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღების ყავის კვლევის ოფისის ხელმძღვანელი აარონ დევისი.

კვლევა Nature Plants-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.