ხედი, რომელიც ჯერ არ გინახავთ — „კურიოზიტიმ“ მარსიდან დედამიწას და ვენერას ფოტო გადაუღო
მარსმავალი „კურიოზიტი“ არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა. თავდაპირველად ორ წელზე გათვლილი მისია უკვე მერვე წელია გრძელდება და გადაიტანა შტრომის სეზონები, მოხვდა მტვრის ქარბუქში, მაგრამ მავალი მაინც დაეხეტება წითელ პლანეტაზე და გასაოცარ აღმოჩენებსაც აკეთებს.
თუმცა ხანდახან, შესვენება და ვარსკვლავების ცქერა მარსზეც კი სასიამოვნოა. „კურიოზიტი“ მარსის საკმაოდ მტვრიან ცაში აცეცებს „თვალებს“ და დედამიწას ეძებს.
ერთი კვირის წინ, „კურიოზიტიმ“ საკუთარი კამერა მზის ჩასვლის შემდეგ ცისკენ მიმართა და ორი ფოტო გადაიღო — ერთზე დედამიწაა აღბეჭდილი, მეორეზე კი ვენერა.
დედამიწაზე გამოგზავნის შემდეგ, „კურიოზიტის“ ჯგუფმა ეს ორი ფოტო შეაერთა და პანორამა შექმნა. მიღებული შედეგი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად შორსაა მავალი მშობლიური პლანეტიდან.
როგორც ფოტოზე ხედავთ, ორივე პლანეტა საკმაოდ ცუდად ჩანს – სინათლის ორი ციცქნა ლაქა კაშკაშა ცაზე. თუმცა, მარსიდან ეს ხედი ყოველთვის ასეთი როდია.
„ვენერასა და დედამიწის ფოტოს გადაღებისას ცაზე საშუალო სიკაშკაშის ვარსკვლავებიც კი არ ჩანს“, — ამბობს „კურიოზიტის“ ჯგუფის წევრი მარკ ლემონი.
წელიწადის ამ დროს, მარსის ატმოსფეროში საკმაოდ ბევრი მტვერია, რომელიც სინათლეს ირეკლავს და ცას განსაკუთრებით აკაშკაშებს; სწორედ ამიტომ, ვარსკვლავების დანახვა გაცილებით რთულდება.
2014 წელს, „კურიოზიტიმ“ დედამიწას კიდევ ერთი ფოტო გადაუღო — მაშინდელ სურათზე ცა გაცილებით ბნელია და დედამიწასთან ერთად მთვარეც ჩანს.
წითელ პლანეტაზე მტვერი მიდის და მოდის, ცაში ხილვადობაც ამ პროცესთან ერთად იცვლება. ამასობაში კი „კურიოზიტი“ შარპის მთაზე ჩადის და მარსს იკვლევს; ამ ზონაში ის 2014 წლიდან დაეხეტება.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.