ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობები, რა კეთდება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და როგორია საქართველოს წევრობის პერსპექტივა. ამ საკითხებზე საქართველოს პირველი არხი ესაუბრა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას, რომელიც საქართველოში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა.
ინტერვიუ დავიწყოთ ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობებით. რა ეტაპზე ვართ ახლა და მეტი რა შეიძლება გაკეთდეს ნატო-ს მხრიდან საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად?
დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველოსა და ნატო-ს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ორმხრივად ვთანამშრომლობთ და ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც გვაქვს პარტნიორებთან სამუშაოდ. კერძოდ, საუბარი მაქვს პრაქტიკულ თანამშრომლობაზე იმ არხებით, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში, სპეციალური ოპერაციების ძალების კუთხით. ჩვენ შესანიშნავ სამუშაოს ვასრულებთ, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს უფრო მეტად თავსებადი ნატო-ს ძალებთან და რომ გაიზარდოს მათი პროფესიონალიზმი. ჩვენ გაწეული სამუშაოთი ძალზე კმაყოფილი ვართ. შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან კარგ დონეზეა. ეს ასე იყო ბოლო წლებშიც. ამჟამად ჩვენ მოხარული ვართ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. კერძოდ კი, ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ნატო, რომელიც დიდად აფასებს საქართველოსთან არსებულ პარტნიორობას და გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა რაც შეიძლება მტკიცე უნდა გავხადოთ.
რაც შეეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ ნატო-ს წევრობა არის ქვეყნის მიზანი, მაგრამ სჯერათ თუ არა ნატო-ს წევრებს, რომ ეს არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუქცევადია?
ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ნატო-ს სადამფუძნებლო ვაშინგტონის შეთანხმებაშია გაწერილი. ნატო ერთგულია 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა რაღაც მომენტში გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მოხდეს. მაგრამ როგორც ვთქვი, პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა იმპლემენტაციასაც ვითხოვდით და ამავე დროს ევროკავშირს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ვიხილოთ საქართველოს მიერ ევროატლანტიკური გზის შესრულება.
ჩვენ ვუახლოვდებით 2024 წლის მნიშვნელოვან არჩევნებს. ხომ არ გეგმავს ნატო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და ზოგადად როგორია თქვენი მოლოდინი?
ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, არ ვაგზავნით არჩევნებზე დამკვირვებლებს, მაგრამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებისგან, აქვს შესაძლებლობა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოაგზავნონ საარჩევნოდ დამკვირვებლები. თუმცა, ეს არა ნატო-ს, არამედ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტია. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ, ნატო-ში ველოდებით, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა 6%-თაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, ეს მხარდაჭერა მაინც მაღალია და 67%-ს შეადგენს. თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ შემცირება გამოიწვია რუსეთის მოთხოვნამ, საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდნენ ნატო-ში?
არა, მე ასე არ ვფიქრობ. გულწრფელად მჯერა, რომ თქვენი მოსახლეობის მხარდაჭერა ნატოსადმი ძალიან ძლიერია. ის ყოველთვის იყო 70-დან 80 პროცენტამდე. ის ფაქტი, რომ 5-6-პროცენტიანი კლებაა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი უფრო სწრაფად განვითარდა, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია რუსეთის პოზიციასთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან და უსაფრთხოების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას კვლავაც დავუჭერთ მხარს. მჯერა, რომ თქვენ სანდო ხელში ხართ, ვიდრე მოსახლეობას აქვს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გეზისადმი. ჩვენ, ნატო და საქართველო გავაგრძელებთ ერთად მუშაობას.
გასულ კვირას, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა სამხედრო ბიუჯეტი. დოკუმენტში ვკითხულობთ: აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღოს ძლიერი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. მუშაობენ თუ არა ნატო-ში ამ სტრატეგიაზე და თუ საუბრობთ საქართველოსთან მისი როლის შესახებ?
შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. ნატო-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია ნატო-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი გეგმავს შავ ზღვაში ახალი სამხედრო ბაზის მოწყობას. კერძოდ, საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა სახის საფრთხეს აჩენს ეს ფაქტი ნატო-სთვის და როგორი იქნება რეაგირება?
რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატო-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატო-ს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება.
ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები მატულობს, მათ შორის, სამწუხაროდ, გვაქვს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის შემთხვევებიც, მათი გატაცების ფაქტები. როგორ შეუძლია ნატო-ს, დაეხმაროს საქართველოს ასეთი დანაშაულების პრევენციაში?
ამის გაკეთება ორი გზით არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამასთან ერთად, ნატო-ს ოფიციალურ პირებთან ვმუშაობთ და ვზრდით შემაკავებელ გზავნილებს. ეს არის ის გზავნილები, რომლითაც დანარჩენ მსოფლიოს მივმართავთ და კონკრეტულად კი, რუსეთს. ჩვენ ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გახლავთ თანმიმდევრული გზავნილი, რომელიც ბრიუსელიდან მოდის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს რეაგირება და პირადად მეც ვუსამძიმრებ საქართველოს მოკლული მოქალაქეების ოჯახებს, როდესაც ასეთი რამ ხდება. ამ გზავნილებით ვაჩვენებთ, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ყოველთვის დაგმობს რუსეთის ასეთ ქმედებებს.
გადავიდეთ რეგიონულ საკითხებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი საუბრობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე. თქვენ სულ ცოტა ხნის წინ შეხვდით ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. რას ნიშნავს ეს პროცესი მთელი რეგიონისთვის და ნატო-სთვის?
ჩვენ ფრიად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ ერთობლივი დეკლარაციისადმი, რომელსაც ხელი მოაწერეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. როგორც უკვე აღნიშნეთ, სულ ცოტა ხნის წინ შევხვდი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს შეხვედრა შედგა სკოპიეში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა დროს შევხვედროდი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსაც. ჩვენი აზრით, ის, რაც ხდება, ძალიან კარგია. ნატო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ჩვენ მხარს ვუჭერდით ძალისხმევას, რომელიც ნორმალიზაციისკენ იყო მიმართული და რომელიც მოდიოდა როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ ძალისხმევასაც. ნატო ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩემი აზრით, ნამდვილად ფუნდამენტური საკითხია, რომ კავკასიაში სტაბილურობა დაცული იყოს, არა მხოლოდ იმ სამუშაოს ფარგლებში, რომელსაც ნატო ატარებს საქართველოში, არამედ იმ სტაბილურობის ფარგლებში, რომელიც შეიძლება მოიტანოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებამ.
შემდეგი კითხვა სომხეთს ეხება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერევანი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას ახდენს. ხედავთ თუ არა სომხეთის მხრიდან ნატო-სთან დაახლოების ინტერესს?
ჩემი აზრით, სომხეთმა მიიღო ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, ცვლილება შეიტანოს საგარეო პოლიტიკაში, გარკვეული დისტანცირება მოახდინოს მოსკოვისგან. ეს არის ის, რასაც ჩვენც მივესალმეთ, სომხეთის მოქალაქეებს აქვთ თავისუფლება, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და მათ ეს გადაწყვიტეს. ჩემი აზრით, სომხეთმა უკვე დაიწყო დაახლოება ჩვენთან. ისინი ითხოვენ მეტ თანამშრომლობას, ითხოვენ მეტ პოლიტიკურ დიალოგს და ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებებს, რაც გვჯერა, რომ კარგია რეგიონის სტაბილურობისთვის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ომი უკრაინაში უკვე ორი წელია, გრძელდება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს. ფიქრობთ, რომ საქართველო შეიძლება იყოს პუტინის სიაში და რა რეაგირება იქნება ნატო-სგან, თუ რუსეთის მხრიდან აგრესია განმეორდება?
დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ამის საფრთხეს. ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს, რომ რუსეთი აპირებს საქართველოში შეჭრას. ამ კითხვას გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხშირად მისვამდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე, კიბერსივრცეში ჩარევის და მავნებლური ჩარევის რისკები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მადრიდის სამიტზე დავამტკიცოთ ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ ვითარებაში. და სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სხვა ქვეყანას, რომელთაც, ჩვენი მოსაზრებით, ანალოგიური საფრთხე ემუქრება, როგორიცაა მოლდოვა ან ბოსნია და ჰერცეგოვინა. თუ ომს საბოლოო ჯამში პუტინი მოიგებს, შემიძლია, დავეთანხმო ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ პუტინის და რუსების სხვა ომებში ჩართვის შესაძლებლობა გაიზრდება. ამ ეტაპზე საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია, რათა უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს და რომ მათ უკეთესი შანსები ჰქონდეთ ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ისინი მოლაპარაკებებს გადაწყვეტენ.
ახლა საინტერესო რამ თქვით. თქვენ თქვით, რომ თუ რუსეთი საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ამ ომში – ანუ, ნატო უშვებს ამ შესაძლებლობას და მოვლენების ამ სცენარით განვითარებას?
ასეთი სცენარი ყოველთვის არსებობს, თუმცა ჩვენ ამ სცენარზე არ ვმუშაობთ. მე უბრალოდ კომენტარი გავაკეთე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ მხოლოდ ერთ შესაძლებელ სცენარს, რომ დავეხმაროთ უკრაინას, უკრაინელებს მივცეთ საუკეთესო შესაძლებლობა, გაიმარჯვონ ბრძოლის ველზე ან რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობა მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ჩვენ არ ვსპეკულირებთ რუსების მიერ ომის მოგებით, თუმცა ეს შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია. ეს გახლავთ ნატო-ს პრიორიტეტი.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის სამხედრო, თუ ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, აშშ-ის ჩათვლით, სადაც ამ საკითხზე პოლიტიკური უთანხმოებაა. თუმცა, სხვა ქვეყნებიც იწყებენ ყოყმანს. არსებობს საფრთხე, რომ ნატო უკრაინის ომით დაიღლება?
ამ ეტაპზე არა. ჩვენ ვესაუბრებით ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს და ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ჩვენ ვერ ვხედავთ ყოყმანს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ნიდერლანდებმა დაამტკიცა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი. ამავე დროს, ამერიკელებმა დაამტკიცეს 10-მილიარდიანი პაკეტი, ახლა 60-მილიარდიანი პაკეტია წარდგენილი კონგრესში, რომლის დამტკიცებაც გადაიდო, მაგრამ ის ნამდვილად დამტკიცდება და ეს მალე მოხდება. ასე რომ, ამ ეტაპზე მაინც, ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არსებობს მკაფიო რწმენა და პოლიტიკური ნება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსული დრონები ჩამოცვივდა რუმინეთის ტერიტორიაზე, ანუ ნატო-ს ტერიტორიაზე. ამ კონტექსტში მინდა, გკითხოთ, სად გადის ნატო-ს წითელი ხაზი უკრაინაში მიმდინარე ომში?
რუმინეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავით და გვქონდა ინფორმაცია. სწორედ რუმინეთი იყო დაზარალებული იმ დრონის ჩამოვარდნის გამო. ჩვენ მუდმივად ვგმობთ რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. ეს ძალიან მკაფიო გზავნილია. რუსები თავს ესხმოდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელიც ნატო-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში არც ნატო-ში და არც რუმინეთში ვერ ხედავენ, რომ დრონის ჩამოვარდნა განზრახ მოხდა. ჩვენი რწმენით, ეს იყო ინციდენტი. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაგმობას, მაგრამ რადგანაც ვერ ვხედავთ, რომ ეს განზრახ ხდება, ამიტომ სხვა სახის რეაგირებას არ მივმართავთ.
ანუ, ჩვენ უნდა ვნახოთ თავდასხმა უშუალოდ ნატო-ს ტერიტორიაზე, რათა ვიხილოთ ალიანსის პასუხი?
ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედება ხდება ალიანსის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ინიციატივით, ალიანსზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ. რუმინეთის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვნახეთ მეხუთე მუხლის ამოქმედების ინიციირება და ვერც შეიარაღებული თავდასხმა. ჩვენ ვერ დავინახეთ ამის განზრახვა. ზოგადად, საჭიროა შეიარაღებული თავდასხმა და ერთ-ერთი წევრის ნება, აამოქმედოს ნატო-ს მეხუთე მუხლი.