მარკ რუტე - ისტორიულად, ნატო ზედმეტად იყო დამოკიდებული აშშ-ზე, ახლა შტატებმა შეცვალა თავისი შენატანი და სხვა მოკავშირეებმაც გადადგეს ნაბიჯი, რათა მეტი წვლილი შეიტანონ
მარკ რუტე - ისტორიულად, ნატო ზედმეტად იყო დამოკიდებული აშშ-ზე, ახლა შტატებმა შეცვალა თავისი შენატანი და სხვა მოკავშირეებმაც გადადგეს ნაბიჯი, რათა მეტი წვლილი შეიტანონ

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ევროპაში  სამხედროების შემცირების შემდეგ ევროპელი მოკავშირეები შეთანხმდნენ, კრიზისის დროს მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რუტემ აღნიშნა, რომ ევროპასა და კანადას შეუძლიათ, ალიანსის საჭიროებებისთვის უფრო მეტი გააკეთონ. მისივე თქმით, ალიანსის ევროპელი წევრები ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულები აშშ-ზე.

„შეერთებულმა შტატებმა შეცვალა თავისი ვალდებულებები ნატო-ს ძალების მოდელთან. საქმე ძირითადად არ ეხება იმას, თუ სად არიან ამჟამად ძალები და აქტივები, არამედ იმას, თუ ვინ რას გააკეთებდა. ისტორიულად, ნატო ზედმეტად იყო დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. ახლა, აშშ-მა შეცვალა თავისი შენატანი და სხვა მოკავშირეებმაც გადადგეს ნაბიჯი, რათა მეტი წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა რუტემ.

ამასთან, რუტეს თქმით, ის მიესალმება დონალდ ტრამპის მცდელობას, ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს და არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა.

„აშშ-ის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის მქონე ირანის საფრთხის თავიდან აცილებას და მისი ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შემცირებას, აუმჯობესებს უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დადებული შეთანხმება ქმნის შესაძლებლობას, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა მარკ რუტემ.