„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ევროპაში ნატო-სთვის გამოყოფილი სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ევროპაში ნატო-სთვის გამოყოფილი სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ნატო-ს ოპერაციებისთვის გამოყოფილი სამხედრო ავიაციისა და საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ მაღალი რანგის ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცვლილებები ნატო-ს შესაძლებლობებს შეზღუდავს როგორც შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების, ასევე სადაზვერვო ოპერაციების მიმართულებით.

გეგმის მიხედვით, აშშ ევროპისთვის ხელმისაწვდომ F-16-ისა და F-15E-ის ტიპის გამანადგურებლების რაოდენობას დაახლოებით 150-დან 100-მდე შეამცირებს. ასევე, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავების რაოდენობა 26-დან 15-მდე შემცირდება, ხოლო ევროპაში ნატო-სთვის გამოყოფილ რვავე საწვავის შემავსებელ თვითმფრინავს გაიყვანენ.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ასევე გეგმავს რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავისა და ავიამზიდის, ასევე რამდენიმე სამხედრო ხომალდისა და ავიამზიდის ჯგუფში შემავალი ათეულობით თვითმფრინავის სხვა რეგიონებში გადანაწილებას. გარდა ამისა, განიხილება ევროპის თავდაცვისთვის გამოყოფილი ორი ბომბდამშენთა ჯგუფიდან ერთის გაყვანა.