ხათუნა თოდაძე - ფემიციდი ევროპის ქვეყნებისთვისაც დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით ბევრი კვლევა ტარდება
ქართულ მენტალიტეტზე, გარკვეულწილად, ჩვენი აზიური, პატრიარქალური ფესვებიც მოქმედებს, მაგრამ ფემიციდი ევროპისთვისაც არ არის უცხო, – განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ხათუნა თოდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ფემიციდი იქაც საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით ძალიან დიდი კვლევა ტარდება. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოჯახური ძალადობის, ინტერპერსონალური, ინტერპარტნიორული კონფლიქტის შედეგად, ევროკავშირის სივრცეში ყოველდღიურად, ცხრა ადამიანი იღუპება, საიდანაც შვიდი ქალია, ორი კი მამაკაცი“, – განაცხადა თოდაძემ.
მისი თქმით, ძალიან საინტერესო საკითხია, რატომ მიდის ადამიანი ძალადობამდე. როგორც თოდაძე ამბობს, ამ თემას ღრმა კვლევა სჭირდება.
„საინტერესოა არა მხოლოდ მოძალადის, არამედ მსხვერპლის ფსიქოლოგია, რადგან როგორც ევროპული და ამერიკული კვლევები აჩვენებს, ფემიციდით დასრულებული ურთიერთობის 70-75%-ში მანამდე იყო არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური ძალადობაც კი. ეს ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს კონტექსტში ამას ცოტა სხვანაირი, ღრმა კვლევა სჭირდება“, – განაცხადა თოდაძემ.
მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, მოძალადეს ხშირად გარკვეული ფსიქიკური პათოლოგიები ახასიათებს. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, ძალადობის მიზეზებზე საუბრისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა მისი აზრით, პირველი ფაქტორი მაინც მენტალიტეტია.
„მოძალადე ხშირად უფრო ფსიქოპათის ტიპია. მეორე, მკვლელობის მომენტში ხშირად თანმდევია მოძალადის ალკოჰოლით, ან ნარკოტიკული ნივთიერებით თრობა. გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი ფაქტორია, მაგრამ პირველი, ალბათ, მაინც მენტალიტეტია“, – განაცხადა ხათუნა თოდაძემ.