ფემიციდის წინააღმდეგ თბილისსა და ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

ფილარმონიის წინ ქალთა მოძრაობამ აქცია-პერფორმანსი „ქალები ფემიციდის წინააღმდეგ“ გამართა. ორგანიზატორების აზრით, სტატისტიკა საგანგაშოა და ფემიციდმა აქტიური სახე მიიღო.

ქალთა მოძრაობის მიზანია, საზოგდეობას დაანახონ რეალობა, რომ ფემიციდი უკვე სოციალური პრობლემაა ქვეყანაში და პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება.

პერფორმანსის მთავარი სლოგანებია „ძალადობას არ ამართლებს რა მეცვა და სად ვიყავი“ და „დამნაშავე ხარ შენ“.

ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს გააპროტესტეს ზუგდიდშიც.

აქციის მონაწილეთა თქმით, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

მათ აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდის, ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რვა ქალია მოკლული. ესაა შემზარავი სტატისტიკა და ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არა ქალების მიმართ ძალადობას“, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.