ანა თოდუა - ქალებს მოძალადეები ხშირად შვილების წართმევითაც აშინებენ, რაც არარეალურია, მაგრამ მათ ეშინიათ 
ანა თოდუა - ქალებს მოძალადეები ხშირად შვილების წართმევითაც აშინებენ, რაც არარეალურია, მაგრამ მათ ეშინიათ 

ქალებს მოძალადეები ხშირად შვილების წართმევითაც აშინებენ, რაც არარეალურია, მაგრამ მათ ეშინიათ, – განაცხადა ასოციაცია „მერკურის“ სოციალურმა მუშაკმა, ანა თოდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ქალებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, რეალურად აქვთ შიში, რომ ბავშვებს წაართმევენ. ჩვენთან, ფსიქოლოგთან და იურისტთან გასაუბრების შემთხვევაში ვეუბნებით, რომ ეს ასე არ არის, შვილების წართმევა ასე იოლი საქმე არ არის. ასე არ ხდება, მე მომინდა, მამა ვარ და ამიტომ, შენ შვილებს არ გაგატან. ბუნებრივია, აქ სასამართლო ჩაერევა, განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ნახვის დღეები და ა.შ, კანონის შესაბამისად, ისე, როგორც სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა თოდუამ.

სოციალურმა მუშაკმა ძალადობის ერთ-ერთ მსხვერპლ ქალთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც ასოციაცია „მერკურს“ მიმართა.

„არ შემიძლია, ფემიციდთან დაკავშირებით არ ვთქვა ერთი ბენეფიციარის შესახებ. არის ერთი ადამიანი, რომელმაც პირველივე მომართვისას, ტელეფონზე ძალიან ხმადაბლა ისაუბრა და თან, მეკითხებოდა, ვინმეს ხომ არ ესმოდა ეს საუბარი. მერე მოვიყვანეთ ოფისში და როცა გავესაუბრეთ, ზუსტად ეს შიში ჰქონდა, რომ ერთადერთი შვილი ჰყავდა და მეუღლე მასაც წაართმევდა. მასთან მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ მუდმივად გამოდის სატელეფონო კავშირზე, ისე კი იშვიათად მოდის. როგორც კი ტელევიზიით მოისმენს ფემიციდის შესახებ, იმწუთას იწერება და ამბობს, მე მზად ვარ, თავშესაფარში წამოვიდეო, მაგრამ ორი დღის მერე, როგორც კი ჩაცხრება, ისევ გაქრება. ერთი ფაქტი მინდა, გავიხსენო და ქალებსაც მივმართო, რომ არ შეეშინდეთ. მისი მეუღლე არ იმყოფება საქართველოში, საზღვარგარეთიდან დაურეკა და ეუბნება, ღამით წვიმაში გადი გარეთ, ფეხშიშველი და მთელი ღამე იქ იდექიო. რომ ვკითხე, ეს შენ გააკეთე-მეთქი, მიპასუხა, კი, გავაკეთეო. რატომ? იმიტომ, რომ ის იქიდან მაკონტროლებსო. როგორ აკონტროლებს, აზრზე არ ვარ, თუმცა ამ ქალს იმდენად ეშინია, რომ ჰგონია, მეუღლე იქიდან მართლა აკონტროლებს“, – განაცხადა თოდუამ.

ანა თოდუამ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლმა პირველ რიგში, თუ ამის ძალა შესწევს, 112-ზე უნდა დარეკოს, რაც მისი გადარჩენის ერთადერთი შანსია, თუმცა, ასევე არის ორგანიზაციები, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ.

„ჩვენი ორგანიზაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს და ქალების მიღება შეგვიძლია მისი მომართვის საფუძველზეც. თუ მათ არ უნდათ პოლიციაში დარეკვა, შეუძლიათ, ჩვენ პირდაპირ ოფისში მოგვმართონ და შეგვიძლია, ჩვენ თვითონ გადავიყვანოთ თავშესაფარში, ჩვენივე იურისტის, ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის დასკვნის საფუძველზე. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 574 805189 და შეუძლიათ, ეს ყველაფერი ასოციაცია „მერკურის“ ფეისბუქგვერდზე ნახონ. ეს ეთერი ნამდვილად უნდა გამოვიყენო და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა ფაქტობრივად, პროექტის გარეშე ვართ დარჩენილი და სრულიად შემოწირულობაზე ვართ გადასული. მივმართავ მთელ საქართველოს, რომ რაღაცნაირად, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ დიდ საქმეში, რასაც ქალების გადარჩენა ჰქვია“, – განაცხადა ანა თოდუამ.