ხატია დეკანოიძე - როგორც წესი, ფრაქცია თავის წევრებთან კოორდინაციაშია ხოლმე, ჩემს დროს ასე იყო, ვსაუბრობდით და ერთმანეთის აზრს ვიზიარებდით
ხატია დეკანოიძე - როგორც წესი, ფრაქცია თავის წევრებთან კოორდინაციაშია ხოლმე, ჩემს დროს ასე იყო, ვსაუბრობდით და ერთმანეთის აზრს ვიზიარებდით

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის კენჭისყრის დროს სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს, უნდა ახსნან, რატომ მისცეს ხმა.

მისივე თქმით, ფრაქციამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა განმარტოს, ეს ასე რატომ მოხდა.

„ალბათ ახსნიან, ხმა რატომ მისცეს. ვთვლიდი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიგვეღო. უმრავლესობას შევთავაზეთ, რომ ხუთ კანდიდატს წარვუდგენდით, კონსენსუსი ყოფილიყო ისე, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩათვლილიყო. ამაზე დიდმა ნაწილმა უარი თქვა, რადგან სიაში იყვნენ კანდიდატები, ვისთვისაც მხარი უნდა დაგვეჭირა. არამოსამართლე წევრად გავიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. ეს ყველაფერი ოპოზიციის დისკრედიტაციას იწვევს, ისედაც მრავალფეროვანია ოპოზიცია. არავითარი ეფემერული ერთობები არ არსებობს, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის პარტიასა და ფრაქციაზე. უნდა ახსნან, ხმა რატომ მისცეს და ალბათ ფრაქციამაც უნდა თქვას, ეს ასე რატომ მოხდა. როგორც წესი, ფრაქცია თავის წევრებთან კოორდინაციაშია ხოლმე. ჩემს დროს ასე იყო, ჩვენ ვსაუბრობდით და ერთმანეთის აზრს ვიზიარებდით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა უყრიან კენჭს.