ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა შსს-სთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა, რომელიც ადგილზე იმყოფება,  მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის.

„აქტიური მუშაობის შედეგად შემცირებულია ხანძრის კერების რაოდენობა, რამდენიმე კერა არის ლიკვიდირებული. ამ ეტაპზე, ორი აქტიური კერაა დარჩენილი, სადაც ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს. ქარი სწრაფად იცვლის მიმართულებას, რის გამოც სრულ ლოკალიზაციას ვერ ვაცხადებთ. ადგილზე ცოცხალი ძალა და ტექნიკა მობილიზებულია და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა მან.

ხუციშვილის თქმით, ცეცხლის ფართო მასშტაბზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„თუმცა, ცეცხლის სწრაფად და ეფექტურად ლიკვიდაციისთვის გადავწყვიტეთ ვერტმფრენის გამოყენება. ერთ კერასთან მისულია ტექნიკა და მდინარიდან მიყვანილია ლოკალური ქსელი. მეორე ადგილი უფრო მიუვალია და ამიტომაც სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ხანძარი გუშინ, გვიან საღამოს გაჩნდა.