ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის, ადგილზე 100 მეხანძრე მუშაობს
ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის, ადგილზე 100 მეხანძრე მუშაობს

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის.

როგორც 1Tv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

მათი ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.