შალვა ხუციშვილმა ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

16:15, 06.09.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა მეხანძრე-მაშველი ივანე კუპრაძის ოჯახის გვერდით არის. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და ვადასტურებთ პატივისცემას თავდადებული ადამიანის მიმართ. სამწუხაროა, რომ ბორჯომში ტყის ხანძარის დროს ასეთი შემთხვევა მოხდა“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი