ლიბიაში ხალიფა ჰაფთარმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ლიბიის ამბოხებული გენერლის ქმედება თურქეთის პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარა ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს და ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეებს შეიყვანს. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით ტრიპოლის ოფიციალურ თხოვნას უკავშირდება.
2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.