კევინ სპეისი რიდლი სკოტის ფილმში All the Money in the World აღარ ითამაშებს
მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროვებაში სდებენ ბრალს, რიდლი სკოტის ფილმში All the Money in the World აღარ ითამაშებს. ინფორმაციას, გადამღები ჯგუფის წევრებზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.
როლს, რომელზეც მანამდე სპეისი იყო დამტკიცებული, ქრისტოფერ პლამერი შეასრულებს.
მიუხედავად ფორსმაჟორული ცვლილებებისა, ფილმის პრემიერა, როგორც დაგეგმილი იყო, 22 დეკემბერს შედგება.
CNN-ის ცნობით, გადაწყვეტილება ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერებმა Sony Pictures-ის სრული მხარდაჭერით მიიღეს.
ფილმი ეფუძნება 1973 წელს ჯონ პოლ გეტის გატაცების ამბავს. სპეისის გეტის მილიარდერი ბაბუის როლი უნდა შეესრულებინა.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ჩარლი პლამერი, მიშელ უილიამსი და მარკ უოლბერგი.
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი თავდაპირველად მსახიობმა ენტონი რაპმა დასდო, როცა BuzzFeed-თან ინტერვიუში 1986 წლის ერთ-ერთი წვეულების მოვლენები გაიხსენა. მაშინ რაპი მხოლოდ 14 წლის იყო. ამ განცხადების პასუხად, სპეისიმ ბოდიში მოიხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარს ვერ იხსენებდა და შესაძლოა, ეს მისი სიმთვრალით ახსნილიყო.
ამას მოჰყვა House of Cards-ის გადამღები ჯგუფის წევრების მსგავსი შინაარსის ბრალდებები, რომლის კულმინაციაც Netflix-ის განცხადება იყო, რომ სერიალი მიმდინარე სეზონით დასრულდება.