პოლიციამ სამ თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ სამ თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე.

„2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით“, – ნათვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს განმარტებით, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.