კელი დეგნანმა ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად სვანეთი დაათვალიერა [ფოტო]
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად სვანეთი დაათვალიერა. ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს.
წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანი ხალხის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე.
მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისგან.
ელჩი დეგნანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიზნესის განვითარებაში ეხმარება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.