კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. მან მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთნ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ღამეს კარვებში ათენებენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.