კელი დეგნანი - შეგვიძლია, გადავხედოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა
კელი დეგნანი - შეგვიძლია, გადავხედოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა

შეგვიძლია, გადავხედოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აშშ-ის საელჩოს ნდობით სარგებლობს.

„​აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2020 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა შედეგების მიმართ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ გამჭვირვალე იყო იმ შეცდომასთან მიმართებით, რომელიც მოხდა.

„რეალურად, როგორც კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა. სწორად ამიტომ გვაქვს სრული ნდობა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, როგორც პროფესიონალური საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. ისინი იყვნენ გამჭვირვალე იმ შეცდომის მიმართ, რომელიც მოხდა, როგორც კი შეძლეს მისი დადასტურება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მონიტორინგსა და არჩევნების ჩატარებაში, შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ევროკომისია, ინკლუზიური პროცესისკენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს შანსი, წვლილი შეიტანოს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.