კელი დეგნანი - მოხარული ვართ, გადმოგცეთ „ფაიზერის“ ვაქცინა, ეს არის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობის საჩუქარი, ჩვენი მეგობრობის ნიშნად
მოხარული ვარ, რომ ამერიკელი ხალხის სახელით, დავხვდი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო, სიცოცხლის გადამრჩენელი „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტ ბაიდენისგან და ამერიკის მთავრობისგან, ჩვენი მეგობრობის ნიშნად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა.
კელი დეგნანის განცხადებით, აღნიშნული 500 000 ერთეული დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა იმ ცხრა მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ემატება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად.
„მოხარული ვართ, გადმოგცეთ ეს ვაქცინა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. პანდემიის დასაწყისიდანვე, აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში, ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ახლა შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რასაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა ნამდვილად შეუძლია – ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
ეს 500 000 ერთეული დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა იმ ცხრა მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ემატება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრების გადაცემა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის, 26 000 ერთეული PCR-ტესტისა და აგრეთვე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა, რომელიც თავის მხრივ 300 პაციენტისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ელჩმა.
მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრსა და უწყების თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
„მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ამ სამინისტროს თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომისთვის და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად.
მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა „ფაიზერით“. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.