კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, საქართველო ისარგებლებს შესაძლებლობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები, რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რომ შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება
კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, საქართველო ისარგებლებს შესაძლებლობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები, რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რომ შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო შეძლებს, მიიღოს დადებითი პასუხი დეკემბერში, ჩვენ ვხვდებით, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ყოველთვის სასარგებლოა სპიკერთან საუბარი იმ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, არსებობს თუ არა დამატებითი გზები, რომ აშშ-მა შეძლოს, პარლამენტის მხარდაჭერა საკანონმდბელო რეფორმის გატარების ძალისხმევაში, რაზეც ძალიან კარგად ვმუშაობდით წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის. ველოდებით შესაძლებლობას, რომ ეს გაგრძელდეს, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ სასამართლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა არის ორი იმ 12 პრიორიტეტს შორის, რაც არის საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ნაწილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო შეძლებს, მიიღოს დადებითი პასუხი დეკემბერში. ჩვენ ვხვდებით, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

როგორც ვიხილეთ ვენეციის კომისიის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული შეფასებიდან, ჯერ კიდევ არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი, რათა შესრულდეს სასამართლო სისტემის რეფორმისთვის აუცილებელი მოთხოვნები. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა. ასეთი გახლდათ ვენეციის კომისიის ბოლო ოთხი რეკომენდაცია და კიდევ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს.

რაც შეეხება კითხვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენი შეგრძნებით, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგანაც ეს არის შესაძლებლობა, გადაწყდეს სასამართლოში არსებული კორუფციის შესახებ ბრალდებები. ეს გახლავთ შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება საქართველოს მთავრობის ერთგულებისა კორუფციასთან ბრძოლისადმი და ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისადმი. დემოკრატიის სამიტზე ვაშინგტონში, საქართველომ, პრეზიდენტ ბაიდენთან და 100 მეტ სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, დადო პირობა, ებრძოლოს კორუფციას, დადო პირობა, დაიცვას და წინ წაწიოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობის პრიორიტეტები, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ფუნქციონალური დემოკრატიისთვის. იმედი გვაქვს, საქართველო ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები და რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რათა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.