კატია კამერერი - დუალურ განათლებაში მთავარი მნიშვნელობა კერძო სექტორს ენიჭება
პროფესიული განათლების ე.წ. დუალური სწავლების მეთოდი საქართველოში წარმატებით რომ დაინერგოს, მთავარი კერძო სექტორის ჩართულობაა, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნებს ის განსაზღვრავს. ამის შესახებ გერმანიის თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს. აქცენტი ე.წ. დუალურ პროფესიულ განათლებაზე გაკეთდა, რომელიც შრომაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს გულისხმობს, სადაც სტუდენტი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ერთდროულად ეუფლება.
გადაცემის მსვლელობისას კატია კამერერმა აღინიშნა, რომ დუალური პროფესიული განათლება, რომელიც ძალიან წარმატებული და პოპულარულია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, საქართველოში GIZ -ის მხარდაჭერით და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინერგება. მისი განმარტებით, ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამიზნე სფეროებად დღემდე შერჩეულია მეღვინეობა-მევენახეობა, სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორები. სამომავლოდ კი იგეგმება ტექნოლოგიური სექტორში ე.წ. მომსახურების ექსპორტისა და ლოგისტიკური-სატრანსპორტო სექტორების მხარდაჭერა. დაახლოებით 300 შეგირდი უკვე გადის სწავლებას სხვადასხვა სფეროში, ხოლო გასულ კვირას სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სერთიფიკატი 26 კურსდამთავრებულს მიენიჭა. აღნიშნული დუალური განათლების პროგრამები უკვე მოქმედებს თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში და თანდათან მისი ყველა რეგიონში გავრცელება იგეგმება.
კამერერის მოსაზრებით, დუალური განათლების პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნესის ჩართულობაზე, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ერთის მხრივ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, სტუდენტებს ხელფასს უხდის.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დუალურ განათლებაში კერძო სექტორს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება. ეს გერმანიაშიც ასეა ათწლეულებია, შვეიცარიასა და ავსტრიაშიც. ეს დუალური მოდელი (ამ ქვეყნებში) დიდი ხანია, მუშაობს და ამას კერძო სექტორი მართავს, რადგან მან იცის რა უნარები სჭირდება, ეს ბიზნესზე კარგად ვინ შეიძლება იცოდეს? ამიტომ კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და პასუხისმგებლობას იზიარებენ. ტრენინგის 60 პროცენტი კომპანიაში ხდება და მხოლოდ 40 – სკოლებში. თითოეულ შეგირდს კომპანია არჩევს და შემდეგ სკოლაში აგზავნის და იქ იღებს დუალურ განათლებას. ასევე კერძო სექტორი უხდის სტუდენტებს ხელფასებს. ამიტომ ეს კომპანიებისთვის შემოსავლისა და ხარჯის ანალიზია. ისინი აფასებენ და ხედავენ, რომ ამას მომავალში მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ერთდროულად იღებენ, რაც პროდუქტიულობას უწყობს ხელს. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩიდან მოიყვანო კადრი და ასწავლო“, – განუცხადა კატია კამერერმა „ბიზნესპარტნიორს“.