კატაჟინა პისარსკა - რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინების პოლიტიკას არ მივყავართ დეესკალაციასთან, პირიქით, რუსეთს მეტად არწმუნებს, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრა შეუძლია
კატაჟინა პისარსკა - რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინების პოლიტიკას არ მივყავართ დეესკალაციასთან, პირიქით, რუსეთს მეტად არწმუნებს, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრა შეუძლია

რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინების პოლიტიკას არ მივყავართ დეესკალაციასთან, პირიქით, ასეთი მიდგომა რუსეთს უფრო მეტად არწმუნებს, რომ მას შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროპული დიპლომატიის აკადემიის თავმჯდომარემ და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარემ, პროფესორმა კატაჟინა პისარსკამ განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ში ახალი წევრების მიღება მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებისა და ასპირანტი სახელმწიფოების გადასაწყვეტი უნდა იყოს და რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს.

„კითხვა შემდეგშია, რატომ უნდა განვიხილავდეთ ჩვენ ამ ე.წ. ვეტოს მექანიზმად, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრებას აფერხებს? საქართველოც და უკრაინაც განიხილება ნატო-ს წევრობის მსურველ სახელმწიფოებად. ორივე ამ ქვეყანამ მოითხოვა ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა, რაზეც მათ 2008 წელს უარი უთხრეს. მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა თქვეს, რომ რუსეთის გაღიზიანება არ არის საჭირო, თუმცა ამ უარიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინების პოლიტიკას არ მივყავართ დეესკალაციასთან. პირიქით, ასეთი მიდგომა რუსეთს უფრო მეტად არწმუნებს, რომ მას შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრა. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და ომმა დონბასში დაგვანახა რუსეთის რეალური ზრახვები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება არასწორია. ნატო-ში ახალი წევრები მიღება მხოლოდ ასპირანტი ქვეყნებისა და ალიანსის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს“, – აცხადებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე.

პისარსკა ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ნატო-ს დაიწყოს მსჯელობა ამ ორი ქვეყნის იმ ტერიტორიების მომავალზე, რომლებიც დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში არის სხვა პრობლემა, რომელიც რუსეთმა შექმნა. რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს ორი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილს. მან შექმნას ე.წ. ნაცრისფერი ზონები და არღვევს ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას. ახლა კითხვა შემდეგშია, უნდა მიიღოს თუ არა ნატო-მ ახალ წევრებად ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიას. ვფიქრობ ამ კითხვის ადრესატები არიან უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წევრები, რადგან მოვლენების იმ სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ხვალ შეუერთდება ნატო-ს. ალიანსი მაინც ვერ გასცემს დონბასის ან ყირიმის უსაფრთხოების გარანტიას. რა მოხდება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შემთხვევაში? რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება ამას. ეს დიდი პოლიტიკური გამოწვევა იქნება საქართველოსა და უკრაინისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიის შემდეგი ეტაპია, რომლის დაწყებასაც ვერავინ ბედავს. ჩემი აზრით ამ საკითხების განხილვა აუცილებელია მოკავშირეებსა და ასპირანტ ქვეყნებს შორის, სხვა შემთხვევაში. თუ არ იქნება კონკრეტული წინადადებები და შეთავაზებები, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსია დასრულდება. რუსეთი კი ახლა ცდილობს, რომ მსგავსი დისკუსია არც კი დაიწყოს“, – განაცხადა პისარსკამ.

დატოვე კომენტარი