ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს.

ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

ეს ინიციატივა ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების 21-ე პაკეტში შედის.

როგორც მედია წერს, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს 31 რუსული ბანკისთვის შეზღუდვების ამოქმედებას, მესამე ქვეყნების ნავთობით მოვაჭრეების სანქცირებას, კრიპტოვალუტის კომპანიებისა და პლატფორმების შეზღუდვას, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ. მათ შორის მოხვდა ოთხი ბანკი ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან. 11 კრიპტოპლატფორმა ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან, ხუთი ნავთობით მოვაჭრე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

გარდა ამისა, ევროკავშირი გეგმავს, აკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდნენ.

„ჩვენი სანქციები კვლავ ძლიერ ზეწოლას ახდენს და სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკურ საფუძვლებს, რომლებიც ომის წარმოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინიციატივას „სამართლიანი და დროული“ უწოდა. მისი თქმით, მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აგრესიული ომის მონაწილე გახდნენ, ევროპაში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს მესამე ქვეყნებში დაფუძნებული კრიპტოსერვისების სრულ აკრძალვას რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. შეზღუდვებს დრონებისა და რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემების წარმოებისთვის გამოსადეგ მასალებზე, ვირთევზასა და სხვა თევზპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, დაახლოებით 60 მილიონი ევროს ღირებულების ლითონების და ავტონაწილების იმპორტის შეზღუდვას.

„ჩვენ გვინდა, რუსულ იმპორტზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის 2027 წლის იანვრამდე შენარჩუნებას, რათა რუსეთს შეეზღუდოს გაძვირებული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა 15 ივლისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი მექანიზმის მიხედვით, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი ავტომატურად გაიზრდება ბარელზე 44.10-დან დაახლოებით 70 დოლარამდე.

როგორც მედია წერს, ევროკავშირის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერენ კანადა და დიდი ბრიტანეთი.

ბრიუსელში თავდაპირველად განიხილავდნენ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების სრულად აკრძალვას, თუმცა აშშ-თან შეუთანხმებლობის გამო, საბოლოოდ გადაწყდა ფასის კორექტირების მექანიზმის დროებით შეჩერების შეთავაზება.