უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენმა აპარატებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში
უკრაინამ უპილოტო საფრენმა აპარატებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 326 დრონი ჩამოაგდეს. რაკეტების სამიზნე გახდა ჩებოქსარი, რის შესახებაც ჩუვაშეთის ხელმძღვანელმა, ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა.
ტელეგრამარხებში გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტოების ანალიზის საფუძველზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩებოქსარში თავდასხმა განხორციელდა თავდაცვით საწარმოზე, VNIIR-Progress-ზე, რომელიც მანამდეც არაერთხელ გამხდარა დრონებისა და რაკეტების იერიშის სამიზნე.
უკრაინული ტელეგრამარხის ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა განხორციელდა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით.
ვლადიმირის ოლქში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ ობიექტზე – კამეშკოვოსა და ალექსანდროვის რაიონში. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან.
ამას გარდა, სამარაში უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ოფიციალურად ადგილობრივ ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო და უპილოტო აპარატების საფრთხის რეჟიმი.