კასპის სოფელ წინარეხში მდებარე ჯვარპატიოსნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კასპის სოფელ წინარეხში მდებარე ჯვარპატიოსნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე მე-10 საუკუნის ჯვარპატიოსნის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვის და ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე, თაღების და სხვა არქიტექტურული დეტალებისთვის გამოყენებულია შირიმი. ქვედა რიგებში გამოყენებულია დიდი ზომის ქვიშაქის ქვები, ზემოთ კი უფრო მცირე ზომის. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ჰქონდა. ჩრდილოეთის კარი მოგვიანებითაა ამოშენებული. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ტაძარი განათებული იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო და სამხრეთის ორი სარკმლით. სარკმლები თაღოვანია, განიერი და შიგნითკენ ოდნავ გაფართოებული. აღმოსავლეთის კედლის თავსართი შემკულია რელიეფით: გორაზე აღმართული სამი ჯვრის გამოსახულებით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი. მის ქვეშ ქვის ტრაპეზია. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აბსიდა დარბაზისგან ორმაგი მხრითაა გამოყოფილი, რომლის კაპიტელები და კონქის საბჯენი თაღის საწყისები შირიმის ქვაშია გამოკვეთილი. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, მხატვრობა მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის წირთხლშია შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთი მინაშენიდან მხოლოდ საძირკვლის პირველი წყებაა შემორჩენილი. მინაშენი მთელ სიგრძეზე ეკვროდა ტაძარს, მასაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ტაძრის სამხრეთით და აღმოსავლეთით 8-10 მეტრში გალავნის ნაშთი იკითხება.

ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელსაც მრავლად აქვს ძეგლისთვის საჭირო მახასიათებლები – პროპორციები, არქიტექტურული დეტალების ფორმები და სიფაქიზე – ორსაფეხურიანი პილასტრები, კაპიტელები და თაღები, მხატვრობის ფრაგმენტი, რელიეფი, სიძველე (ისტორიულობა), – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.