ლევან ხაბეიშვილი - კასპში ალყაში მოაქციეს სახლი, სადაც შეხვედრა იმართებოდა პენსიონერებთან და მათ ჩვენს ინიციატივას ვაცნობდით, ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა
ლევან ხაბეიშვილი - კასპში ალყაში მოაქციეს სახლი, სადაც შეხვედრა იმართებოდა პენსიონერებთან და მათ ჩვენს ინიციატივას ვაცნობდით, ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა

კასპში ალყაში მოაქციეს სახლი, სადაც შეხვედრა იმართებოდა პენსიონერებთან და მათ ჩვენს ინიციატივას ვაცნობდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა.

„კასპში მოსახლეობას ვაცნობდით, როგორ უნდა დაიწიოს საპენსიო ასაკმა 60 წლამდე მამაკაცებში, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარამდე. შეხვედრა იმართებოდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ოჯახში. ოჯახში არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. „რუსულმა პარტიამ“ სახლი ფაქტობრივად მოაქცია ალყაში, ისროდნენ ქვებს, დააზიანეს „ნაციონალური მოძრაობის“ ავტომობილები, ცდილობდნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ მოქალაქეებს.

მინდა, საზოგადოებას ჩამოვუთვალო ადამიანები, ვინც იყვნენ: ზურა ჩიტიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში; ბადრი ჯანიაშვილი, საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კასპში; ალექსანდრე ბიძინაშვილი, კასპის საკრებულოს წევრი; მარეხი ყამბეგაშვილი, სპეციალისტი მერიაში; ილია ნონიაშვილი, სპეციალისტი კასპის მერიაში; გიული ყოჩიაშვილი, კულტურის სახლის სპეციალისტი; დავით ალექსიძე, IT-ის სპეციალისტი კასპში. კასპის საკრებულო არ ეყოთ და დამხმარე ჰყავთ გამოძახებული: შორენა გორგილაძე, გორის მერია; მაია შკუბულიანი, გორის კულტურის აიპი; დათო ნადირაშვილი, ქარელის აიპში დასაქმებული. თბილისიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი გურამ ყანტორელაშვილი, სუს-ის „ნასეტკა“, რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა გაბუნიას. ძალიან ვწუხვარ, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც გაილახნენ. სამი საათის განმავლობაში პოლიცია არ მოვიდა, რადგან თავად დააორგანიზეს. ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალე, ყველა არის საჯარო მოხელე და ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კასპში ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.