შალვა პაპუაშვილი - პრობლემაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს, როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ჰგონიათ, რომ ადამიანი უნდა ისჯებოდეს
შალვა პაპუაშვილი - პრობლემაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს, როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ჰგონიათ, რომ ადამიანი უნდა ისჯებოდეს

ყველა ძალადობაზე ხედავთ, რომ არის რეაქცია და აკავებენ ძალადობაში ჩართულ ადამიანებს, პოლიცია ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ძალადობა სიტყვიერად დაგმოს და ამასაც არ აკეთებენ.

„პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე. როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ჰგონიათ, რომ ადამიანი უნდა ისჯებოდეს, ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, მაშინ არ უნდა ისჯებოდეს. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას, როდესაც, მათ შორის, პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმა. „მოლოტოვის კოქტეილი“ პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიყენეს და ესროლეს პოლიციელს და დღემდე არავის დაუგმია ეს. ემპათიით არიან გამსჭვალული და აქციები მოაწყეს „ენჯეოებმა“ უცხოური დაფინანსებით, რომელშიც ჰქონდათ პლაკატები, სადაც ეწერა, მე ვესროლეო. ანუ ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდებას ამართლებენ ის „ენჯეოები“, რომლებიც თავს ეძახიან პროდასავლურებს, ლიბერალებს და ა.შ. ეს ყველაფერი თუ გაიგივებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან, მაშინ უნდა დაფიქრდნენ, საერთოდ რას შვრებიან, როგორ ახდენენ იმ ღირებულებების დევალვაციას, რომელზეც თვითონ საუბრობენ, როდესაც პროდასავლურობას ტოლობას უსვამენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან.

ენას ძვალი არ აქვს. ყველაფრის თქმა შეიძლება. არსებობს პოლიტიკა. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, იქნება პასუხისგებაში მიცემული. ხედავს ჩვენი საზოგადოება. სადაც არის დანაშაული, იქვე არის სასჯელი. ერთია სიტყვით და პოლიტიკურად დაგმობა, მეორეა – სამართლებრივი რეაგირება და ეს არის სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვას იმის შესახებ, რომ ადგილზე საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საერთოდ ძალადობა პროფესიების მიხედვით არ იყოფა“.

„ძალადობა, ზოგადად, მიუღებელია და არის დანაშაული. თუკი ვინმე სჩადის ძალადობას, უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, სიტყვიერად დაგმოს და ამასაც არ აკეთებენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არათუ დაგმოს, არამედ უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება. პრემიერმაც ხაზგასმით დაგმო ძალადობა. არა მხოლოდ სიტყვიერად ხდება, არამედ ადამიანებს აკავებენ ამის გამო, რადგან დანაშაულია ჩადენილი. ამაზე დაბალი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, რომ სიტყვიერად მაინც დაგმოს. როდესაც ადამიანები ფაშისტურ კამპანიას იწყებენ და ამბობენ, რომ მოკვეთეთ და გააგდეთ, არ დაელაპარაკოთ, ვისაც არ ეთანხმებით, და ამასაც არ აკეთებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კასპში ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას გუშინ დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შეხლა-შემოხლა და სიტყვიერ დაპირისპირება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირები დაუპირისპირდნენ.