კასპის მერი - სოფლის მოსახლეობა ვეღარ იყენებდა იმ შენობას, რომელშიც „ძალა ერთობაშია“ იყო განლაგებული
კასპის მუნიციპალიტეტის მერი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრების ბრალდებას პასუხობს.
მანუჩარ მერაბიშვილისთვის დავით ქაცარავას ბრალდებები გაუგებარია.
კასპის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობაში მოძრაობის წევრების ყოფნას უკანონო იყო.
„ჩემს უფლებამოსილებას შევუდექი 13 ნოემბრიდან და ყველა სოფელში დავდივარ. დღეს რაც ვნახე, ეს არ არის კანონიერი ფორმა. მე ვესაუბრე ამ მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს და ავუხსენი, რომ ეს შენობა სოფლის პროგრამით აშენდა, მას თავისი დანიშნულება აქვს. სოფლის მოსახლეობამ მითხრა, რომ მათი იქ ყოფნის გამო, ვეღარ იყენებენ ამ შენობას დანიშნულებისამებრ. დღეს დაცალეს შენობა და არ გამოუთქვამთ პრეტენზია. ჩემთვის გაუგებარია, ახლა რა გახდა ამის მიზეზი. ჩვენ დახმარება შევთავაზეთ მათ სხვა ფართის მოძიებაშიც“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები კასპის მერს მათი საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. დავით ქაცარავას განცხადებით, მერმა მათ სოფელ ყარაფილას და იმ შენობის დატოვება მოსთხოვა, სადაც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები იყვნენ დაბანაკებული.