კარლო კოპალიანი - ბადრი ბასიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
როგორც ჟურნალისტებს კარლო კოპალიანმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტში ასეთი ოდიოზური პირები არ უნდა იყვნენ.
„პარლამენტის სირცხვილია მისი უფლებამოსილების ცნობა, მაგრამ ეს სირცხვილი იმ ხალხმა ზიდოს, ვისი პარტიის წარმომადგენელიც არის. მას მხარი არ დავუჭირე, რადგან მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც თავის ბრიგადასთან ერთად 26 მაისს გვარბევდა. სიკვდილამდე გვცემეს და ამ დროს ბასიშვილი იყო თავის ჯგუფთან ერთად, რაც ცნობილი ამბავია. კარგი იქნება, თუ მას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა – კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
ამასთან, როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, ნიკა მელიას გუნდს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მისი წევრის, ბადრი ბასიშვილი მიმართ. მისივე თქმით, ბადრი ბასიშვილის თაობაზე კარლო კოპალიანის პოზიციას იზიარებს.
პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა.
საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილია.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.