საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევის შემთხვევაში საპარლამენტო მანდატს დატოვებს.
როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია, ვასწავლი, პროფესორი ვარ და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა კანცლერის არჩევნებში. 12 წელია, დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, საკმარისია. სხვები მოვლენ, ახალგაზრდობა. მუდმივი არაფერი არ არის. მე მგონი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ოპოზიციაშიც ვიყავი, ხელისუფლებაშიც ვიყავი, ჩემი პრინციპებისა და ქვეყნისთვის არ მიღალატია არასდროს, ახლა გადავინაცვლებ აკადემიურ სფეროში. აქაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, არ იფიქროთ ნაკლები საქმეა, დიდი კოლექტივია, კანცლერობა არის უფრო ადმინისტრაციული ნაწილის ხელმძღვანელობა. წარმომადგენელთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ჩემი კანდიდატურა. 20 იანვრისთვის ყველაფერი მზად იქნება“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.