ბადრი ბასიშვილი - ჩემი დეპუტატობა კარლო კოპალიანს რაიმე უხერხულობას თუ უქმნის, შეუძლია, მანდატი დატოვოს
ბადრი ბასიშვილი - ჩემი დეპუტატობა კარლო კოპალიანს რაიმე უხერხულობას თუ უქმნის, შეუძლია, მანდატი დატოვოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი მის მიმართ დეპუტატ კარლო კოპალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებად აფასებს და ამბობს, რომ თუ მას რაიმე უხერხულობას უქმნის, შეუძლია, მანდატი თავად დატოვოს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ბადრი ბასიშვილი კოპალიანის განცხადებას გამოეხმაურა. ბასიშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ კოპალიანის მიერ გაკეთებული განცხადება არ გაჰკვირვებია.

„ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შურისძიება იყო. კარლო კოპალიანის შეფასება არ გამკვირვებია. მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, დარბაზში, ოთხი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იჯდა და თუ რაიმე უხერხულობას უქმნიდა, შეეძლო, პროკურატურისა და სასამართლოსთვის მიემართა. კარლო კოპალიანი ხელისუფლებაშია შვიდი წელია, მის ცილისწამებაზე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ თუ დღეს რაიმე უხერხულობას უქმნის, შეუძლია, მანდატი დატოვოს. კოპალიანი პროკურატურაში სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს, თუ მას ასეთი ფანტაზიები გააჩნია. შვიდი წლის განმავლობაში შეეძლო, პროკურატურაში მისულიყო, მაგრამ არც ახლაა გვიან და შეუძლია, საჩივრით მიმართოს. შვიდი წელი რას აკეთებდა, თუ თავში ასეთი ფანტაზიები მოსდიოდა?”, – განაცხადა ბასიშვილმა.

კარლო კოპალიანმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ბადრი ბასიშვილი 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი