კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია, სახელმწიფოს წინაშე შესაძლო საფრთხეებს ადევნოს თვალი, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული
კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია, სახელმწიფოს წინაშე შესაძლო საფრთხეებს ადევნოს თვალი, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

„ზოგადად, როცა საქმე ეხება მსგავს საკითხებს, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ დეტალებზე საუბრისგან. თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ვართ ჩართულნი. ასევე, მსურს, ზოგადად ვთქვა წინა კვირებში გაჟონილ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ბევრი საუბარია ამ ჩანაწერების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა ასეთი თვალთვალის ბუნებაზე, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი საკითხია განხილვისთვის, ამ ჩანაწერების მოცულობისა და ხასიათის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში მინდა შევახსენო ყველას, რომ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია სახელმწიფოს უსაფრთხოებით, რათა თვალი ადევნოს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშე შესაძლოა, აღმოჩნდეს სახელმწიფო, მათ შორის ტერორიზმი, ჯაშუშობა. არსებობს კარგი მიზეზები ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, თუმცა მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მათი გამოყენება მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ, შესაბამისი ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს, რადგან ამის მეორე მხარეს დევს ადამიანების პირადი ცხოვრება, პირადი სივრცის უფლების ქონა, რათა არ გახდეს თვითნებური თვალთვალის სამიზნე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, მიესალმება ფართო დისკუსიას ფარული მიყურადების თემაზე.

„ვფიქრობ, ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მე მივესალმები უფრო ფართო დისკუსიას, ამ თვალთვალის ხასიათის, მისი მნიშვნელობის შესახებ და იმის შესახებ, თუ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა იქიდან, რასაც ახლა ვუყურებთ, რადგან თვალთვალი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.