გია ცაგარეიშვილი - დაახლოებით ორი კვირის წინ მელიამ განაცხადა, რომ კადრების თუ ჩანაწერების გამოქვეყნებას ელოდებოდა, სავარაუდოდ, კარგად იცოდა, რომ საპირისპირო ბანაკიდან სიურპრიზს უმზადებდნენ
გია ცაგარეიშვილი - დაახლოებით ორი კვირის წინ მელიამ განაცხადა, რომ კადრების თუ ჩანაწერების გამოქვეყნებას ელოდებოდა, სავარაუდოდ, კარგად იცოდა, რომ საპირისპირო ბანაკიდან სიურპრიზს უმზადებდნენ

დაახლოებით ორი კვირის წინ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კადრების თუ ჩანაწერების გამოქვეყნებას ელოდებოდა. სავარაუდოდ, მან  ძალიან კარგად იცოდა, რომ საპირისპირო ბანაკიდან უმზადებდნენ „სიურპრიზს“, რაც გაცხადდა კიდეც, ჩანაწერი გამოქვეყნდა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში, სადაც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ და ჩანაწერებს უქვეყნებენ, ვერავითარ ერთობაზე საუბარი ვერ იქნება.

„როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება გაგრძელდება და გაღრმავდება. ძნელად წარმომიდგენია, ამ ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ მუშაობა როგორ უნდა გააგრძელონ, რადგან პარტია თანამოაზრეების ადგილია და იქ, სადაც ერთმანეთს თავპირს ალეწავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ჩანაწერებს უქვეყნებენ, ვერავითარ ერთობაზე საუბარი ვერ იქნება. ამ პარტიაში ადამიანები ისე დაწვრილმანდნენ, რომ, მგონი, ხელისუფლების ხელში აღებაზე აღარ ფიქრობენ და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, თავიანთ პარტიაში როგორ მოიპოვონ პირველობა, დაამარცხონ კონკურენტები და ჩვენ ამ დაუნდობელ ბრძოლას, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.