დევიდ ლი - კარლ ჰარცელმა მითხრა, რომ მიიღო საჩივარი ევროპარლამენტარისგან, ვფიქრობ, ეს კუბილიუსია, საჩივრები ეხებოდა ჩემს პოსტებს, მაშინ რას გულისხმობს სიტყვის თავისუფლება, თუ არ შეგიძლია იმის თქმა, რისიც გჯერა
დევიდ ლი - კარლ ჰარცელმა მითხრა, რომ მიიღო საჩივარი ევროპარლამენტარისგან, ვფიქრობ, ეს კუბილიუსია, საჩივრები ეხებოდა ჩემს პოსტებს, მაშინ რას გულისხმობს სიტყვის თავისუფლება, თუ არ შეგიძლია იმის თქმა, რისიც გჯერა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი აცხადებს, რომ 2021 წლის აპრილში ევროკავშირი გახდა ასოციაციის სპონსორი და მას შემდეგ იღებდა საჩივრებს, რომ სოციალურ ქსელში მისი პოსტები იყო პოლიტიკური.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, დევიდ ლიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა უთხრა, რომ მიიღო საჩივარი ევროპარლამენტის წევრისგან და ვერ იმუშავებდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, თუ ის იქნებოდა ხელმძღვანელი. დევიდ ლი მიიჩნევს, რომ ეს ევროპარლამენტარია ანდრიუს კუბილიუსი და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე.

ამავდროულად, დევიდ ლი აღნიშნავს, რომ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური მოსაზრება.

„კარლ ჰარცელთან სასაუბროდ გამომიძახეს და მან განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არ იმუშავებს ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, რომ მან მიიღო საჩივარი ევროპარლამენტის წევრისგან. ვფიქრობ, ეს ანდრიუს კუბილიუსია, რადგან მის „ტვიტერზე“ წავიკითხე, რასაც საქართველოზე ამბობ, სიმართლე არ არისო და სჭირდებოდა უკეთესი წყარო ინფორმაციისთვის. კარლმა თქვა, რომ ის ვერ იმუშავებდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, თუ მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია 2017 წელს კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბე, ჩვენ შევქმენით ის ჩვენი რესურსებით, 200-მდე წევრით, ის საკმაოდ გავლენიანია. ევროკავშირი გახდა სპონსორი 150 000 ევროს ოდენობით 2021 წლის აპრილში. თითქმის დაუყოვნებლივ მე შემომდიოდა საჩივრები, რომ ჩემი პოსტები და პირადი გვერდი იყო პოლიტიკური. შევეცადე, შევჩერებულიყავი, თუმცა არ მომწონს, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეუბნება ხალხს, არ განახორციელონ ინვესტიციები, არ მომწონს, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამბობს, ჩვენ სრულად ბანკროტები ვართ, როდესაც ეს ასე არ არის. თვალსაჩინოა, რომ ჩვენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე ვართ. ჩვენ არ ვართ კორუმპირებული, გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ უკეთესად ვართ, ვიდრე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა. არ მომწონს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიმართა ბრიუსელს და თქვა, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა და ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც იქნებოდა კარგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ დონორთა თანხებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან, პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. ვფიქრობ, ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა, არ არის დამოუკიდებელი, როდესაც მოუწოდებს, არ განახორციელონ ინვესტიციები. მე არასდროს ვაქვეყნებ პოსტებს ევროპული ბიზნეს ასოციაციის გვერდზე, ამას საკუთარი გვერდიდან ვაკეთებ და ვფიქრობ, მაქვს უფლება, ვიყო არასამთავრობო ორგანიზაციის და ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მოსაზრება. ვფიქრობ, ეს უფლება კონსტიტუციით მაქვს და ამ უფლებას დავიცავ. მე ვთქვი – კარგი, თუ ეს თქვენი პოზიციაა და ეს დაგაზარალებთ, გადავდგები და გადავდექი. წავედი ინგლისში და არ ვარ დარწმუნებული, რომ დავბრუნდები.

12 წლის განმავლობაში „მაგთის“ აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. არასდროს არაფერი მომიპარავს, არასწორი არაფერი გამიკეთებია. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი და ეს კანონი მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, აზიანებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ჩემი მოსაზრებით, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მეტი ფული ბიზნესისგან, რადგან ბიზნესი იხდის გადასახადებს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მოსაზრება და მაქვს უფლება, მქონდეს პოლიტიკური მოსაზრება. მე ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. მე ვარ ინვესტორი საქართველოში. ვიცი, რას ელოდება მოსახლეობა. საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ჩარევა. ეკონომიკა მყარ საფუძველზე უნდა დავაყენოთ. არჩევნები ყველა ოთხ წელიწადში ჩატარდება და იქნება მდიდარი ევროპული ქვეყანა.

მქონდა საუბარი მის მოადგილეებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემი პოსტები პრობლემებს ქმნიდა. ეს ერთხელ არ ყოფილა. რამდენიმე საუბარი გვქონდა. მან ასევე თქვა, რომ მიიღო საჩივრები ევროპარლამენტის წევრებისგან და მჯერა, ამის უკან იდგა ანდრიუს კუბილიუსი, რადგან ის ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ჩვეულებრივ ურთიერთობა მქონდა „ტვიტერზე“.  მე სხვა პიროვნებასთან არ მისაუბრია, მხოლოდ კუბილიუსს ვესაუბრე. კარლ ჰარცელმა მიიღო საჩივარი, სავარაუდოდ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირია და ეს შესაძლოა, პრობლემა ყოფილიყო. კარლმა თქვა, რომ ვერ აიღებდა პერსონალურ რისკს, რადგან თუ რამე ისეთს იტყვი შეხვედრაზე, მე აღარ მოვალ შენთან შეხვედრებზეო“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

დევიდ ლის თქმით, არ შეიძლება, გქონდეს ევროპული ბიზნეს ასოციაცია და იქ არ მიდიოდეს ევროკავშირის ელჩი. დევიდ ლის შეფასებით, ეს სასაცილოა.

„ისინი 2021 წლიდან არიან სპონსორები, 150 000 ევროს გვაძლევენ წელიწადში, ისინი იხდიან ჩემს ხელფასს. ცხადია, თუ ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს, რომ მე ვპოსტავ ჩემს პირად „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“, კუბილიუსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უხერხულობას უქმნის მას, ის ასეთი დიდი პრობლემაა, მე არ მინდა ბიზნეს ასოციაციის დანგრევა, სადაც ოთხი წელი გავატარე, ავაშენე ის, ვიდრე ისინი ჩაერთვებოდნენ. ეს არის ის, რაც მან თქვა. თუ ის ევროკავშირის ელჩია, აქვს კარიერა და იღებს კრიტიკას ვიღაც კუბილიუსისგან და შესაძლოა, კიდევ სხვებისგან, მაშინ საკმაოდ სამართლიანია კარლი, მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე გადავდექი, დავკარგე შემოსავალი და დავტოვე საქართველო. ჩემი აზრით, არასწორია, როცა პიროვნებებს, რომლებიც მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციას, არ შეუძლიათ რაიმე პერსონალურის თქმა სოციალურ მედიაში. მაშინ რას გულისხმობს სიტყვის თავისუფლება, როდესაც არ შეგიძლია იმის თქმა, რისიც გჯერა, თუ უკანონო არ არის, რასაც ამბობ. მაგალითად, მე ვამბობ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის კორუფციული და ფაქტობრივად, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ იღებს თანხებს, რათა დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არასწორია და არასწორია, რომ ასოციაციები, როგორიცაა საერთშორისო სავაჭრო პალატა, ეუბნებიან ადამიანებს, არ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. არასწორია, როდესაც დამოუკიდებელი ბიზნეს ასოციაციები დაბლოკა ინვესტორთა საბჭომ ისეთი ხალხის მხრიდან, როგორიცაა საერთშორისო სავაჭრო პალატა, რადგან მათ არ სურთ ნეიტრალური ბიზნეს ასოციაცია ინვესტორთა საბჭოში“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

დევიდ ლი ამბობს, რომ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„თუ თქვენი ე.წ. წარმომადგენლები, რომლებიც სხვათაშორის, არ არიან არჩეულები, მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა სრულად კორუმპირებულია, რატომ განახორციელებ ინვესტიციას ასეთ ქვეყანაში. ეს სრული სიცრუეა. ეს პრობლემებს ქმნის და მსურს, ამის შესახებ ვისაუბრო. მე დავტოვე ბიზნეს ასოციაცია მათ დასაცავად. საქართველოსთვის პრობლემაა მუდმივი ჩარევა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოთამაშისგან და კორუფციული არასამთავრობო ორგანიზციებისგან, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. საერთშორისო სავაჭრო პალატა როდესაც ამბობს, არ განახორციელოთ ინვესტიცია, ეს პრობლემაა, რომელიც იწვევს სამუშაო ადგილების და ინვესტიციების დაკარგვას“, – განუცხადა დევიდ ლიმ საქართველოს პირველ არხს.