ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება კატასტროფულად ცუდია, ვგმობ, ჩანაწერების, ფარული თვალთვალის, მიყურადების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება უნდა დასრულდეს
ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება კატასტროფულად ცუდია, ვგმობ, ჩანაწერების, ფარული თვალთვალის, მიყურადების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება უნდა დასრულდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება და მისი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ამორალურია და ეს უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერის გავრცელება დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

„ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება, მოპოვება, მათ შორის შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა, ჩემთვის ამორალურია. ამიტომ ჩანაწერები, ფარული თვალთვალი, მიყურადება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, უნდა დასრულდეს. ეს უნდა იყოს ამორალური და დასჯადი, მათ შორის ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ჩანაწერსაც, ისევე, როგორც ნებისმიერ ჩანაწერს, ამორალურს ვუწოდებ. ეს არის ფსკერი და პოლიტიკურად ყველაზე უფრო მიუღებელი.

ჩემთვის მიუღებელია მსჯელობა, ვინ რას ამბობს ჩანაწერებში. ფარული თვალთვალი, მიყურადება თავისთავად ძალიან მძიმე და არაკანონიერია. არ ვარ ვალდებული და არც საჭიროდ მიმაჩნია, შინაარსში შევიდე. ნებისმიერი ჩანაწერის შინაარსში შესვლა ამორალურია. ეს ჩემი ძალიან პრინციპული პოზიციაა. როდესაც ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, დასტური, რომ საქართველოში პოლიტიკა განდევნილია.

მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს ბევრი ოპორტუნისტი დაუკავშირდა, რომელმაც, რეალურად, ტელევიზიასა და საჯარო სივრცეში გამოჩენა საკუთარი ოპორტუნისტული მიზნებისთვის გამოიყენა. ნებისმიერი ფარული ჩანაწერის გავრცელება ძალიან მძიმეა. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიას, არამედ მთავარ ღირებულებებს, რომელიც საზოგადოებაში გვაქვს. ეს არის ჩემთვის ძალიან მძიმე ჭაობი, საიდანაც, პრაქტიკულად, ამოსვლა შეუძლებელია ხოლმე. ამიტომ ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება არის კატასტროფულად ცუდი, ვგმობ და პოლიტიკური ბრძოლისთვის ყველზე მძიმე პოლიტიკურ ხერხად მიმაჩნია. ეს სუს-ის მეთოდია და ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, ვისაც ვებრძვით. ბიძინა ივანიშვილს რის გამოც ვებრძვი, ეს არის ფარული ჩანაწერები, რაც კატასტროფაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.