კარლ ჰარცელი - ხელისუფლებამ არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები უნდა გამოასწოროს, ამაში დავეხმარებით
საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში ძალიან პოლარიზებული მედიაგარემოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებსაც ეხება.
მისი შეფასებით, ჯანსაღი მიდგომა იქნებოდა ოქროს შუალედის პოვნა.
„როდესაც ამ ქვეყანაში მედია ლანდშაფტზე ვსაუბრობთ, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ვნახეთ და საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაინახეს, რომ ქვეყანაში ძალიან პოლარიზებული მედიაგარემოა. პოლიტიკურადაც პოლარიზებული გარემოა. ამ არჩევნებზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ჯანსაღი და კარგი მიდგომა იქნებოდა, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ, იყოს მაღალი დონის ჟურნალისტიკა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ჩვენ გვექნება სურვილი, საქართველოს დავეხმაროთ. პლურალიზმი ერთი საკითხია, სხვადასხვა აზრი თავისუფლად გამოითქმის, მაგრამ არის საშუალება, შუალედი დავინახოთ. ეს განსაკუთრებით კრიტიკულ მედიას ეხება. ძალიან დაინტერესებული ვართ, დავინახოთ, რომ ამ არჩევნებიდან ეს გაკვეთილები ნასწავლი იქნება. ასევე, იმედი გვაქვს, გამოტანილი იქნება შესაბამისი დასკვნები გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ შეცდომები და ნაკლოვანებები საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოსწორდება.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს ნაკლოვანებები გამოასწოროს და ამაში დავეხმარებით. მომავალში ეს პროგრესი უნდა დავინახოთ“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობა.