Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში განხილულია 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობა. „მსოფლიო ანგარიში 2019“ 2017 წლის ბოლო პერიოდიდან 2018 წლის ნოემბრამდე მოვლენებს ეთმობა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ნათქვამია, რომ „ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი, საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს“, მაგრამ შეინიშნებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები”.

გარდა ამისა, Human Rights Watch-ი წერს, რომ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებისთვის. გამოძიებები, დაწყების შემთხვევაშიც კი, ისეთი მუხლებით მიმდინარეობდა, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებდა. ანგარიშის თანახმად, იშვიათად დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. ანგარიშში

ასევე საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე.

ანგარიში ასევე ეხება თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ ოპერაციას. ამ საკითხზე ანგარიში ეყრდნობა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციას, სადაც საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე.

ამასთან, დადებით ნაბიჯადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა.

Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოში ნარკოპოლიტიკაზე, ასევე კანონპროექტზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით. როგორც მასშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა შემცირდა, ხელისუფლება განაგრძობდა ზედმეტად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონებით ადამიანთა დასჯას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.

ანგარიში საქართველოს შესახებ ასევე ეხება ქვეყანაში შრომით უფლებებს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს, მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო აქტორების განცხადებებსა და ანგარიშებს საქართველოს შესახებ.