კარლ ჰარცელი - ევროკავშირი უდიდესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის
არ გავაკეთებ კომენტარს ინდივიდუალური პირების წერილებზე, ამას სხვები უკეთ გააკეთებენ, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკელ კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილზე კითხვის საპასუხოდ.
ჰარცელის თქმით, რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბიზნესგარემოს, სავაჭრო საკითხებს, ევროკავშირისთვის ეს თემები მნიშვნელოვანია, რადგან ელჩის განცხადებით, ევროკავშირი არის უდიდესი ინვესტორი და უდიდესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ვითვალისწინებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც სხვადასხვა ბიზნესპალატისგან ისმის. ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოადგენს უფრო ფართო და კომპლექსურ ლანდშაფტს, რომელსაც ვითვალისწინებთ. ზოგიერთი ეხება მმართველობის საკითხებს, ხოლო სხვები ბიზნესშესაძლებლობებს და სამართლიან გარემოს. მაგალითად, საჯარო შესყიდვების თემა, რაზეც ბიზნესწრეებთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში. სხვა საკითხებზეც ვთანამშრომლობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოიხსნას ხარვეზები, რომელიც აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას. ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა მცირე ბიზნესის სტიმულირება მოხდეს, რომ თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესაძლებლობებით ყველამ ისარგებლოს. სიტუაცია კომპლექსური და გადამწყვეტია, ევროკავშირის დელეგაცია მას დიდ ყურადღებას უთმობს ახლაც და მომავალშიც დაუთმობს“, – განაცხადა ჰარცელმა.