კარლ ჰარცელი - ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მნიშვნელოვანი და აუცილებელია
ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა სანდო გამოძიების ჩატარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია ნდობის აღსადგენად, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე სხვებისთვის, მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ინვესტორებისთვის.
„თუ ინვესტორები ნახავენ, რომ სისტემა არ არის სანდო და სირთულეების შემთხვევაში, მათ უფლებებს ვერ დაიცავს, მაშინ ამას ეკონომიკური გავლენა ექნება. თუ ამ საქმეს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს. გამოძიება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამავე დროს, ჩვენ არ ვართ მოსამართლეები და არ ვართ პროკურორები“, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, მისი შეფასებით, ბევრი რამ გაკეთდა რეფორმების პირველი, მეორე, მესამე ტალღით.
„მოხარულები ვართ, ვნახოთ მეოთხე ტალღა. ეს არის განგრძობადი პროცესი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სამოქალაქო სექტორთან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ელჩის თქმით, გასულ კვირაში ის ესწრებოდა შეხვედრას, სადაც პროექტები, მხარდაჭერისა და დახმარების სტრატეგია განიხილეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ყური და თვალი, კრიტიკული ხმა და გვჯერა, რომ ხელისუფლებასაც სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.