კარიერა | ნიკოლოზ ბასილაშვილი - იყო დრო, უფულობის გამო მამაჩემთან ერთად კარავსა და მანქანაში მეძინა [ვიდეო] #1TVSPORT
კარიერა | ნიკოლოზ ბასილაშვილი - იყო დრო, უფულობის გამო მამაჩემთან ერთად კარავსა და მანქანაში მეძინა [ვიდეო] #1TVSPORT

ტაიბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან მთელი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. ის ძალიან ძლიერად ურტყამს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა,” – ეს მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თქვა.

ნიკა დამოუკიდებელ ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია. იგი 2018 წელს მსოფლიოს რეიტინგში მე-16 პოზიციაზე აღზევდა, სადამდეც ბოლო 30-წლეულში არც ერთ ქართველ ვაჟ ჩოგბურთელს ვერ მიუღწევია.

ღამისთევა მანქანაში

ისევე როგორც ბევრ ცნობილ სპორტსმენს, ბასილაშვილსაც ურთულესი გზის გავლა მოუწია.

იგი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. მამა, ნოდარი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე გახლდათ, დედა, ნატალია – ფიზიკოსი. ნიკამ ვარჯიში 6 წლის ასაკში გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ერთხან მამა ავარჯიშებდა.

2007-დან 2011 წლამდე ოჯახთან ერთად ამერიკის ქალაქ საკრამენტოში ცხოვრობდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა. მწვრთნელი ვიტალი გორინი გახლდათ. 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა და იყო ალბათობა, მსოფლიოს იგი რუსეთის სახელით გაეცნო:

„იყო შემთხვევები, როცა მე და მამას რამდენიმე კვირა მანქანაში გვეძინა, მთელი თვეც გაგრძელებულა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ იუნიორთა ტურში გამოვდიოდი. დიდი ხანი მამასთან ერთად კარავში მეძინა და თან ტურნირებზე გამოვდიოდი. თავისებურად, საინტერესო იყო. ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი და სპონსორიც ვერ ვიპოვე. ამიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა.

21 წლის ვიყავი, როცა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყე ჩოგბურთის თამაში, რადგან მორალურად განადგურებული ვიყავი. ეს ყველაფერი გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ცუდ დროებას ფუჭად არ ჩაუვლია. ამან უფრო მეტად გამაძლიერა, ძალა და უმაღლეს დონეზე ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა“.

მენტორის ძიებაში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გრანდ სლემის პირველი ტურნირი 2015 წელს ითამაშა. ეს იყო საფრანგეთში, როლან გაროსის კორტებზე. მან თანასი კოკონაკისთან პირველივე წრეში დათმო.

პროფესიონალებში გადასვლიდან მეორე წელსვე ცოცხალ ლეგენდა როჯერ ფედერერთან მოუწია შეხვედრა. გამარჯვება „მხიარულ როჯერს“ დარჩა, რომელიც ნიკას ბავშვობის ერთ-ერთი სპორტული კერპთაგანი იყო.

2015-2018 წლებში იყო სამწლიანი მერყეობა რეიტინგში – 50-100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის.

„ველური ვიყავი. ჩოგბურთისადმი მიდგომის მხრივ, ჩემზე პროფესიონალი არ ითქმოდა. ვიცოდი, რომ მინდოდა კარგად თამაში, მაგრამ არ მქონდა უნარი უმაღლეს დონეზე გამოვსულიყავი. უბრალოდ, გეგმა არ გამაჩნდა. დიდი ხანი – ორი-სამი წელი – ასეულთან ახლოს ვიყავი. თითქოს ურიგოდ არ ვთამაშობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ მჭირდებოდა სერიოზული ცვლილება – მჭირდებოდა მენტორი, რომელსაც 100 პროცენტით მივენდობოდი“.

ასეთი ადამიანი საჩოგბურთო მწვრთნელი იან დე ვიტი აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელობითაც სულ სხვა ნიკა ბასილაშვილი ვიხილეთ. უმთავრესად ფსიქოლოგიურად შეცვლილი და ფიზიკურად მაღალ დონეზე მომზადებული – მისთვის აღარც ავტორიტეტები არსებობენ და თავისუფლად შეუძლია არა მხოლოდ ხანგრძლივი, ურთულესი მატჩის ბოლომდე მიყვანა, არამედ ტურნირის მშვენივრად დაწყება და ასევე დასრულება.

ბასილაშვილი იხსენებს, რომ 20 წლის ასაკში ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება. მამასთან ერთად ტურნირებზე რომ დადიოდა, უსახსრობის გამო ღამეს მანქანაში ათევდა.

„ამ ყველაფერმა უფრო გამიძლიერა სურვილი რაღაცისთვის მიმეღწია და ეს რღაცა თავიდან, რა თქმა უნდა, ATP-ის ტურნირის მოგება იყო. ჰამბურგში გამარჯვების შემდეგ მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველაფერ გამოცდილებასთან ერთად მოდის. მთავარი ჩოგბურთელისთვის თავდაჯერებულობაა.

ადრე ATP-ის შეჯიბრების მოგება ოცნება იყო და ამ ოცნებაში ბევრი დრო გავატარე. ახლა უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ თამაშით.“

2018 წლის 29 ივლისს ბასილაშვილი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

 

მეორე ტიტული

ჰამბურგის მასტერსის მოგებიდან გავიდა სამი თვე და ნიკამ კიდევ უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა. უფრო ძლიერი მეტოქეებიც ჰყავდა და უფრო დაამჯერებლადაც გამოიყურებოდა.

2018 წლის 7 ოქტომბერს ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში აჯობა და კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

თავისი საუკეთესო სეზონი (2018) ქართველმა ჩოგბურთელმა ასე შეაფასა:

„ATP 500-ის ორი ტურნირი მოვიგე. ორივე გამარჯვება ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. რეიტინგში კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი მაქვს. ესეც დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან TOP 20-ში ყოფნა გავალდებულებს – მუდმივად კარგად ითამაშო და დაამტკიცო, რომ ელიტაში ყოფნის ღირსი ხარ. გულშემატკივრებსაც შენგან უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.“

 

გამეორება ჰამბურგში

მომდევნო, 2019 წელს ბასილაშვილმა გერმანული მიღწევა გაიმეორა – მეორედ მოიგო ჰამბურგის ღია პირველობა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე ამ ტურნირის მოგება. ნახევარფინალში ურთულესი მატჩი მქონდა ალექსანდერ ზვერევთან, მაგრამ ფინალისთვის მზად ვიყავი. დიდი მადლობა სპონსორებს, ორგანიზატორებს და, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, იანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჰამბურგის პუბლიკას, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს საქართველოდან,“ – განაცხადა ბასილაშვილმა და ქომაგებს კორტიდან ქართულად მიმართა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის!“

ამის შემდეგ ნიკამ არაერთ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტიტულამდე ვერ მივიდა. ამის მიზეზი მხრის ტრავმა იყო… 2019 წლის ბოლოს მან ოპერაცია გაიკეთა.

 

გამარჯვება ფედერერთან 

ისევე როგორც 20 წლის ასაკში, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ახლიდან მოუწია მაღალ დონეზე დაბრუნება. ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ მან დოჰას ტურნირზე დამაჯერებელი თამაშით ლეგენდარული როჯერ ფედერერიც დაამარცხა, ფინალში კი ესპანელ ბაუტისტა აგუტს სძლია.

„პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ როჯერ ფედერერი კორტზე დაბრუნდა, ის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული და დიადი ჩოგბურთელია. შემიძლია გითრათ, რომ მისი დამარცხებით ოცნება ამიხდა, როჯერი ყოველთვის ჩემი კერპი იყო. მასთან თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს და დიდი გამოცდილებაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ფედერერის კომენტარი ასეთი იყო:

„ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვარ. ვგრძნობ, რომ თამაშიდან თამაშამდე ფორმაში შევდივარ და დღევანდელი მატჩიც ამ მხრივ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მთლიანობაში, ჩემი ამჟამინდელი ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩეულ ფორმას ვიბრუნებ“.

ბასილაშვილს ფინალში მისთვის ნაცნობ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება. ბაუტისტა-აგუტთან მას აქამდე 4-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და მხოლოდ ერთხელ მოგებული. მიუხედავად ამისა, ქართველმა ძალიან მარტივად, ორ სეტში მოახერხა ფინალში გამარჯვების მოპოვება.

„ამას ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დიდი სტრესით ვთამაშობდი და ვერ ვახერხებდი ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტის გამოყენებას. მაგრამ, როგორღაც მოვახერხე მეპოვა გზა, გავმკლავებოდი სტრესულ მომენტებს. ბედნიერი ვარ, რომ ტიტულის მოპოვება შევძელი“, – აღნიშნა ქართველმა ჩოგბურთელმა.

ფინალის დღეს ძლიერი ქარი იყო, შესაბამისად ორივე ჩოგბურთელს მოუწია ამინდთან გამკლავება. ბასილაშვილმა ამის შესახებაც ისაუბრა.

„კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ თამაშზე, ვუყურებდი ბურთს და ბევრს ვმოძრაობდი. ფიზიკურად რთული იყო, რადგან ორჯერ უფრო მეტი მოძრაობა მიწევდა, რაც კარგად მოვახერხე“.

ყველაზე ემოციური მომენტი იყო შვილისადმი მიმართვა ქართულ ენაზე:

„ლუკას, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ, ძალიან მიყვარხარ და მენატრები“.