„კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება
„კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე იქნება, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებები ასევე გავრცელდება „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე, რაზეც თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 5-დან 8 წლამდე, იქნება 7-დან 10 წლამდე.

შსს-ის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის; აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს.

კერძოდ, დანაშაულად ცხადდება:

  • ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;
  • ქურდული სამყაროს მხარდაჭერა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;
  • ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა – თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.
  • აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა არის 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იქნება 9-დან 15 წლამდე, „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, იქნება – 7-დან 10 წლამდე.

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.