კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი უცხოელი ვიზიტორებისთვის კონცერტებს გამართავს
კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისურ ანსამბლებთან ერთად, ყოველ ორშაბათს კონცერტებს გამართავს, სახელწოდებით „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ფოლკლორის ცენტრმა თბილისურ ანსამბლებთან ერთად ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი წამოიწყო, რაც დაკავშირებულია საერთო ინიციატივასთან „გაატარე ზაფხული საქართველოში“.
მისივე თქმით, ფოლკლორის ცენტრის ბაღში ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე გაიმართება თბილისური სოლო კონცერტები ანსამბლების მონაწილეობით.
„ვფიქრობთ, ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზოგადად ტრადიციების გაცნობას უცხოელი ვიზიტორებისთვის. ასევე, ძალიან საინტერესოა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც. ფოლკლორის ცენტრი ეპატიჟება ყველა დამსწრე საზოგადოებას, მობრძანდნენ და მიიღონ სიამოვნება ამ კონცერტებით. ასევე, ჩვენ გაგვაჩნია აქ საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი ოსტატები გამართავენ გამოფენებს და ვფიქრობთ, ეს კომპონენტიც იქნება ძალიან საინტერესო ამ ღონისძიებების ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ.
კამპანიის ფარგლებში პირველი კონცერტი ანსამბლმა „სახიობამ“ ჩაატარა. ღონისძიებაზე შესრულდა ხალხური სიმღერები. მათ შორის მრავალჟამიერი, ჩაკრულო და ა.შ.
ტრადიციული საკრავების თანხლებით ერთი საათის განმავლობაში სიმღერები ყოველკვირეულად შესრულდება.
ანსამბლ „სახიობას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამარ გულბიანის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში ტურიზმის სფეროს ძალიან სჭირდება ყველა სეგმენტის ჩართულობა და დახმარება.
„გვგონია, რომ ფოლკლორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი ქვეყნისთვის. „სახიობას“ ინიციატივითა და ფოლკლორის ცენტრის ძალიან დიდი მხარდაჭერითა და ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ კონცერტების სერიას. კონცერტები გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და არა მარტო ტურისტებისთვის. ჩვენ შევეცდებით, ამ კონცერტების საშუალებით გავაცნოთ, როგორც ჩვენი მრავალხმიანობა, ისე ტრადიციული საკრავები. ასევე, საგამოფენო სივრცეებში გამოიფინება ნაციონალური სამოსი, ქვეყნის სხვადასხვა საიმიჯო ნივთები, სურათები და გვგონია, რომ ამით გარკვეულ წვლილს შევიტანთ ჩვენი მხრივ ტურიზმის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის“, – განუცხადა თამარ გულბიანმა.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში მისულ სტუმრებს 30 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგები და თექის ნიმუშები.