„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა [ფოტო]
„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა [ფოტო]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა. 30-მდე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელმა ხევსურეთში ის სასტუმროები და „გესთ ჰაუსები“ მოინახულა, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“.

პრესტურის მონაწილეებმა ჩირდილის ბანაკი დაათვალიერეს, მოინახულეს არტჰაუსის სახელოსნო და მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი კულინარიული და ტრადიციული ხელსაქმის მასტერკლასში.

ტურის მონაწილეებმა სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე ფეხით 14-კილომეტრიანი მონაკვეთიც დაფარეს.

ხევსურეთის მონახულების შემდეგ, პრესტურის მონაწილეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, დაათვალიერეს ჯუთა.

„გაატარე ზაფხული საქართველოში“- მასშტაბური სოციალური კამპანიაა, რომლის წამოწყების მიზეზი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტაა. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას, მოიზიდოს ტურისტები და დაანახოს მსოფლიოს ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი.