ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე მის მშობლიურ რაჭაში კონცერტით აღნიშნეს
ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე მის მშობლიურ რაჭაში კონცერტით აღნიშნეს

ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე მის მშობლიურ რაჭაში განსაკუთრებულად აღნიშნეს. ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინა წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის მამებთან ერთად, რომელშიც მონაწილეობდნენ ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვები, მგალობელ-მომღერალთა გუნდი, თორნიკე სხიერელი და ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ლევან ბერელიძის ხელმძღვანელობით.

წირვის შემდეგ ამბროლაურის კულტურის სახლში საზეიმო კონცერტი ჩატარდა. ონის, ამბროლაურის და სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შეასრულეს ის უძველესი ქართული საგალობლები, რომელიც ექვთიმე კერესელიძემ გადაწერა და გადაარჩინა საბჭოთა ოკუპაციის და დევნის პერიოდში.

„ეს ბავშვები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად არიან ექვთიმე კერესელიძის საქმის ღირსეული გამგრძელებლები“, – აღნიშნა ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ სიტყვით გამოსვლაში.

მან განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეების მშობლებს გადაუხადა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ონის მუნიციპალიტეტის ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და სამტრედიის სალოტბარო სკოლის პედაგოგი ბესო მახათაძე, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „მასპინძელთან“ ერთად.

სიმბოლურია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პირველი სალოტბარო სკოლა ათი წლის წინ სწორედ ამბროლაურში, ექვთიმე კერესელიძის სამშობლოში გახსნა. დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 30 სალოტბარო სკოლა მოქმედებს, სადაც ათასამდე ბავშვი ქართულ გალობას და სიმღერას უფასოდ სწავლობს.

ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.