კალიფორნია ყავის ინდუსტრიას კანცეროგენის შემცველობაზე მომხმარებლის გაფრთხილებას ავალდებულებს
კალიფორნიაში ყავის დისტრიბუტორმა კომპანიებმა გასაყიდ პროდუქციაზე აუცილებლად უნდა მიუთითონ, რომ პროდუქტი კანცეროგენულ ნივთიერებას შეიცავს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ ტოქსიკური ნივთიერების მკვლევარი არაკომერციული ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ყავის გამყიდველ 90 კომპანიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
კალიფორნიაში კანონი კომპანიებს ავალდებულებს, მომხმარებელი გააფრთხილონ, როცა მათი პროდუქცია კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ყავის მოხალვის დროს გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერება „აკრილამიდი“, რომელიც მოხარშულ ყავაშიც საკამოდ მაღალი დოზით რჩება.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ვერც „სტარბაქსმა“ და ვერც სხვა რომელიმე კომპანიამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ყავის მოხალვის შედეგად წარმოქმნილი კანცეროგენული ნივთიერება ჯანმრთელობას მხოლოდ უმნიშვნელო რისკს უქმნის.
ყავის დისტრიბუტორი კომპანიები, მათ შორის გიგანტური მულტინაციონალური ქსელები, როგორიცაა „სტარბაქსი“, „მაკდონალდსი“ და „დანკინ დონატსი“, ჯერჯერობით კომენტარებს არ აკეთებენ. თუმცა ამერიკის „ყავის ეროვნული ასოციაციის“ განცხადებით, ინდუსტრია სააპელაციო სარჩელის შეტანას განიხილავს.
თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, კალიფორნიაში ყავის ინდუსტრიას უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს. მოსარჩელე ითხოვს, რომ ჯარიმა განისაზღვროს 2 500 აშშ დოლარით, ანუ კომპანიას მოუწევს აღნიშნული თანხა გადაუხადოს თითოეულ მომხმარებელს, რომელმაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ყავა კალიფორნიაში პოპულარული ყავის ქსელებში შეიძინა. კალიფორნიის მოსახლეობა კი, 40 მილიონს შეადგენს.