კახეთში „მსოფლიო რბენაში“ საუკეთესო შედეგი ნინა ზარინამ და ალექსანდრ ჩებურკინმა აჩვენეს [ფოტო]
კახეთში „მსოფლიო რბენაში“ საუკეთესო შედეგი ნინა ზარინამ და ალექსანდრ ჩებურკინმა აჩვენეს [ფოტო]

საქველმოქმედო მარათონში – „Wings for Life მსოფლიო რბენა 2018“ კახეთში მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი ალექსანდრ ჩებურკინმა აჩვენა. მან 74.69 კმ გაირბინა, ვიდრე „ფინიშ მანქანა“ დაეწეოდა.

რაც შეეხება ქალებს, კახეთში გამართულ რბოლაში პირველი ადგილი ნინა ზარინამ დაიკავა. მან 47.3 კილომეტრის დაფარვა შეძლო „ფინიშ მანქანის“ დაწევამდე. საქართველო ქალებს შორის დაფიქსირებული მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ეტლით მორბენალთა შორის პირველობა ირმა ზვერიაშვილმა და მერაბ დუკაშვილმა მოიპოვეს.

საქველმოქმედო მარათონი Wings for Life მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეხუთედ გაიმართა. რბენის მონაწილეებმა სტარტი 15:00 საათზე აიღეს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა. Wings for Life-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მათგან რბენაში 3 253-მა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილეებთან ერთად. სტარტის ხაზზე იდგნენ: ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე, ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე, პარასპორტსმენი და მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი ირმა ხეცურიანი, პარასპორტსმენი ნინა თიბილაშვილი. „ფინიშ მანქანის“ საჭესთან იყო ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია.

2018 წელს საქართველოში ირბინეს: საქართველოს გამარჯვებულმა გიორგი შეკრელიძემ (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებულმა სებასტიან ჰალმანმა (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებულმა ვეისი ასლანმა (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებულმა ოაშა ზაკრჟევსკიმ (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებულმა იანა ხმელევამ (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებულმა ანატოლი ოლეინიკოვმა.

 

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია გახლდათ.

მსოფლიო რბენის გამარჯვებულები 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ ოთხკვირიან კურსს.

Wings for Life World Run 2018 წლის ორგანიზატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროა. ღონისძიება მიეძღვნა 100 წლის იუბილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. პროექტი ეროვნული ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით განხორციელდა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ არ იყო განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობდა ტრადიციული ფინიშის ხაზი. იყო მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძრა, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყო მოძრაობა და სიჩქარეს ეტაპობრივად უმატებდა. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებდა, ის შეჯიბრს ეთიშებოდა. მორბენლები უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნეს.

წელს „ფინიშის მანქანის“ საჭესთან ავტომრბოლელი დათა ქაჯაია იჯდა.

Wings  for Life World Run-ის მედიაპარტნიორია პირველი არხი. მარათონში მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად პირველი არხის გუნდი ჩაერთო.

პირველმა არხმა მარათონში ჩართულ ყველა მონაწილეს მისცა შანსი, „ფოტოლაივის“ საშუალებით რბენის შედეგი საზოგადოებისთვის გაეზიარებინა.