კახაბერ საბანაძე - ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე შსს-მ მაქსიმუმი გააკეთა, რათა დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი
„შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი და რაც მთავარია, გამოხატვის უფლება, ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ საქართველოში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებული აქციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კახაბერ საბანაძის თქმით, შს სამინისტრომ კანონის ფარგლებში იმოქმედა.
,,რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შსს-მ მოახდინა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა საბანაძემ.
საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.