დავით სერგეენკო - კახაბერ საბანაძის გადადგომის დეტალები არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია, მედიით გავრცელებული ფარული მოსმენის თემა დეტალურად აიხსნას და საჭიროების შემთხვევაში, იყოს გამოძიებული
დავით სერგეენკო - კახაბერ საბანაძის გადადგომის დეტალები არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია, მედიით გავრცელებული ფარული მოსმენის თემა დეტალურად აიხსნას და საჭიროების შემთხვევაში, იყოს გამოძიებული

კახაბერ საბანაძის გადადგომის დეტალები არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია, მედიით გავრცელებული ფარული მოსმენის თემა დეტალურად აიხსნას და საჭიროების შემთხვევაში, იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო თემის კომენტირებისას აცხადებს.

„ამის შესახებ დილით გავიგე მედიიდან. სამწუხაროდ, მეტი დეტალი არ ვიცი, მაგრამ მთავარი საკითხია ალბათ ფარული მოსმენის თემა, რომელიც მედიაში გაჟღერდა.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დეტალურად აიხსნას და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებულიც იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, – აღნიშნავს საბანაძე.