შსს - ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ერთი პირი
შსს - ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ერთი პირი

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, – აცხადებენ შსს-ში.