კახაბერ ქემოკლიძე - თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი აუცილებლად გვეყოლება, საკითხზე გუნდში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს
ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკური ველისა და პროცესის სიღრმისეული ანალიზი ბუნებრივი შემთხვევაა.
„გუნდი შეკრებილია და მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანთან, ასევე სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკური ველისა და პროცესის, რაც ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე. როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჟურნალისტები იქნებით პირველები, ვინც ამის შესახებ გაიგებთ“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გუნდში ბევრ შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„ვერც ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ. მსჯელობა მიმდინარეობს ბევრ კანდიდატთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო კანდიდატურას მერობის პოსტისთვის, კახაბერ ქემოკლიძე საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ მას პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება.
ნიკა მელიას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვეყოლება ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. პარტია „საქართველოს“ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ ველზე, ნებისმიერ ქალაქში იბრძოლებენ გამარჯვებისთვის და ამას ხაზს ვუსვამ, იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“,- აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.